თენგიზ ცერცვაძე - ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით - ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცლებს და აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლაზე “ნამდვილად ფიქრობს“.

ცერცვაძე მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილია უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო“, რომლებიც მისი მისამართით ჟღერდება.

„ბოლო დღეებში ჟურნალისტები ინტერესდებიან (მიმაჩნია, რომ ზედმეტად) იმით, ვაპირებ თუ არა გადადგომას და სამსახურიდან წასვლას და თუ კი - რა მიზეზით. ინსინუაციების და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად მინდა განვმარტო შემდეგი:

მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით - ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ).

კერძოდ, მაგალითად ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში???!!! მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის მანძილზე ჩემი შემოსავალი არცერთი მხრიდან 1 ლარითაც კი არ გაზრდილა. უფრო მეტიც - იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVID ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია.

ცდილობენ დაგვაბრალონ, რომ საქართველოში COVID ავადმყოფების მართვა ძალიან ცუდად ხდებოდა???!!! ვმანიპულირებდით ავადმყოფების და საწოლების რაოდენობით?! რომ განგებ ვხოცავდით კლინიკებში COVID ავადმყოფებს???!!! და ასე განსაჯეთ ჯანმრთელ ადამიანებსაც კი???!!! და ყველაფერ ამით დიდ ფულს ვაკეთებდით???!!! და ვანგრევდით ქვეყნის ეკონომიკას???!!! და რომ ყველაფერი ამისთვის სამაგალითოდ და უმკაცრესად უნდა დავისაჯოთ???!!!

სინამდვილეში საქართველოში COVID ავადმყოფების ნაკადების მართვა და უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე. კერძოდ, ევროპის და ამერიკის ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოში (2020 წლის ბოლოს 2-3 კვირიანი მონაკვეთის გამოკლებით) არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე და თან უმაღლესი სტანდარტების მკურნალობით. საკმარისია ითქვას, რომ კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი მაჩვენებლით - ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოს უფრო დაბალი აქვს და შესაბამისად გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მსოფლიოს 111 ქვეყანას, ხოლო ქვეყნის კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების საშუალო პროცენტი უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკის და ევროპის ჩვენზე ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ბევრ კლინიკაში. აღარაფერს ვამბობ ბინაზე COVID გარდაცვალების შემთხვევებზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.

არის სხვა საკითხებიც, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდება.

მე კარგად მესმის, რომ უსამართლო დამოკიდებულებას და დაუმსახურებელ ბრალდებებს ცხოვრებაში ვერ ასცდები. შორს რომ არ წავიდეთ - მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვისაც კი (რომელმაც 80 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა) გვაკრიტიკებდნენ და ისიც ვიცი, რომ საქართველოში ხშირად მოქმედებს პრინციპი „დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“, მაგრამ ამჟამად უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება მიჭირს.

აი, სულ ეს არის”, - წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა