რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ლაგოდეხში გასვლითი სხდომა გამართა

კახეთის რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალიტეტების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს ლაგოდეხში, სადაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გასვლით სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტის მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა კომიტეტის წევრებს რეგიონში გაწეულ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდების და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ინფორმაცია წარადგინა.

„2021 წელს საქართველო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, კახეთის რეგიონისთვის, ჯამში 49,719,606 ლარი გამოიყო, რაც 161 პროექტის დაფინანსებას მოხმარდა. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი, 3 პროექტის დასაფინანსებლად რეგიონს 1,170,921.00 ლარი გამოეყო. 4 მლნ. 224 ათასი ლარი მიიმართა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 352 პროექტის დაფინანსებას მოხმარდა.

რაც შეეხება 2022 წელს, მიმდინარე წელს უშუალოდ სამინისტრო კახეთის რეგიონში 112 პროექტს ახორციელებს, რომლისთვისაც 1.4 მლრდ. ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთში 103 პროექტის დასაფინანსებლად 30 მლნ. ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი, მიმდინარე წელს 9 პროექტის, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი 369 პროექტის დაფინანსება იგეგმება", - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

კახეთის რეგიონში არსებულ მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის თაობაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დასრულდა ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე 6 სოფელში გავლა აღარ მოუწევს.

„2021 წელს კახეთის რეგიონში განხორციელდა 2 ნაპირსამაგრი, 3 ხიდის რეაბილიტაცია/მშენებლობა და 112 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. კახეთის რეგიონში, რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯამში 56 170 372 ლარის ღირებულების 17 პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 67.7 კმ. გზის რეაბილიტაცია, 5 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია და 8 ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. 2022-23 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტით, გზების შეკეთების სამუშაოებისათვის დაახლოებით 183 მილიონამდე ღირებულების სამუშაოების ჩატარება იგეგმება. აქედან, 2022 წელს რეაბილიტაცია/პერიოდული შეკეთება დაახლოებით 80 კმ-მდე საავტომობილო გზას და 9 ხიდს ჩაუტარდება", - განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

მან ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალურის 95 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, 2030 წლამდე კახეთის რეგიონში 2 მილიარდამდე ლარის ინვესტირება იგეგმება, რაც მთელი რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონში განხორციელებულ სამუშაოებზე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ფონდის ჯამური ინვესტიცია 255.2 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც 42 მლნ. ლარზე მეტის სამუშაოები უკვე შესრულდა. მომხსენებელმა რეგიონში სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის, საბავშვო ბაღების და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გაწეულ სამუშაოებზე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

„2021 წელს კახეთის რეგიონში 8 პროექტი დასრულდა, რომელთა ღირებულებამაც 10 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული პროექტების დაფარვის არეალში მოექცა 3 ქალაქი - სიღნაღი, ლაგოდეხი, წნორი და 4 სოფელი. შედეგად 13 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუჩნდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა", - განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ კახეთის რეგიონში კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 28 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 297 მლნ. ლარია, საიდანაც 27 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება, ხოლო 1 საერთაშორისო დონორების მიერაა დაფინანსებული.

გაზმომარაგებისა და ენერგეტიკის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს, მოსახლეობის საიმედო და თანამედროვე ენერგო მომსახურების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„ამ მხრივ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს რეგიონების გაზიფიცირებაა, რაც 2009 წელს დაიწყო და ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება 474500-ზე მეტ ოჯახს მიეცა, მათ შორის, კახეთის რეგიონის 209 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, 2021 წელს კომპანიამ კახეთში, კერძოდ თელავში ერთი ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა განახორციელა, რაზეც 2021 წელს დაახლოებით 115 ათასი ლარი მიიმართა. 2022 წელს კი კომპანია სამ პროექტს ახორციელებს, რისთვისაც 800 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი კახეთის მუნიციპალიტეტების ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაზე და სულ მოიაზრება 5700-ზე მეტი კონტეინერის, 24 ნაგავმზიდის და 10 პიკაპის ტიპის ქუჩის დასუფთავების მანქანის შეძენა. აღნიშნულისათვის მოიაზრება დაახლოებით 10,3 მლნ ლარის მიმართვა. კახეთში ასევე დაგეგმილია ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს მოემსახურება", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მამრიკიშვილმა მუნიციპალიტეტებში, შესყიდვების ნაწილში, დარღვევების შემთხვევებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტების მიზნობრივი ტრანსფერების არასაკმარისი დაფინანსების საკითხებზე, ბიუჯეტის თავისუფალ ნაშთებზე, მუნიციპალიტეტების ააიპ-ის მართვაზე, გამარტივებული გზით სატრანსპორტო ხარჯების და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვების დროს გამოვლენილ ხარვეზებზე. მანვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციები და პრობლემების აღმოფხვრის მიდგომები გააცნო.

კახეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, არსებული მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა ტურისტული ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა. მისი განცხადებით, ტურისტული პოტენციალის კუთხით კახეთი ძალიან მდიდარია. 2021 წელს კახეთში შიდა ვიზიტებმა, 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა. მისივე თქმით, ტურისტული ნაკადების აღდგენის კუთხით დადებითი დინამიკა შეინიშნება, რაც პოზიტიური შედეგების მოლოდინებს აჩენს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონების შესრულებიაზე და მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თაობაზე ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ. მისი განცხადებით, კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობს და მზად არის მათ საჭიროებების შემთხვევაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადოს და წარუდგინოს პარლამენტს. კომიტეტის სხდომის მონაწილეებს კახეთის რეგიონის დეპუტატებმა ირაკლი ქადაგიშვილმა, დავით სონღულაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მიმართეს, რომლებმაც გასვლითი სხდომების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სხდომაზე განხილული საკითხები შეაფასეს.

გასვლითი კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები და შესაბამისი სამსახურების მიერ წარდგენილი ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეაჯამა.

„კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც აღნიშნულ ფორმატში კახეთის რეგიონში პირველად იმართება, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოვისმინეთ თუ რა პროექტები ხორციელდება და თუ რა იგეგმება როგორც მიმდინარე, ისე უახლოესი წლების განმავლობაში. პროექტები არის ძალიან მასშტაბური და მხოლოდ წელს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3 მლრდ. ლარზე მეტი იხარჯება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მართლაც ძალიან მოცულობითი და მასშტაბური სამუშაოებია.

კახეთს რაც შეეხება, რეგიონში დაწყებულია ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელსაც მომდევნო წლებში ახალი მონაკვეთები დაემატება. განსაკუთრებით მასშტაბური სამუშაოები წყლის პროექტების კუთხით კეთდება. კახეთი საქართველოში ყველაზე დაჩაგრული რეგიონი იყო, სადაც პრაქტიკულად დიდ ქალაქებშიც კი არ იყო 24 საათიანი წყლის მომარაგება და ამ მხრივ, 2012 წელთან შედარებით თითქმის 12-ჯერ გაიზარდა წყლის პროექტების დაფინანსება. 2025 წლისთვის მთელს საქართველოში და მათ შორის, კახეთის ყველა ქალაქშიც და მის მიმდებარე სოფლებში 24 საათიანი წყლის მომარაგება იქნება. გაზიფიცირების მიმართულებით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა აქაც გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც აწუხებს მთელ რიგ სოფლებს. ახმეტის, გურჯაანის, თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში არის დარჩენილი სოფლები და აქაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იმიტომ, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და რომელსაც საქართველოში ვალუტა შემოაქვს. სწორედ ამიტომ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა