„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა თანამშრომლობას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი” ავრცელებს.
მათივე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 მაისს, პარტნიორობის მემორანდუმს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა და USAID-ის „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ დირექტორის მოადგილემ მარიკა შიოშვილმა მოაწერეს ხელს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ტექნიკური დახმარების კომპონენტის მეშვეობით, კომპანიის პროგრამის - ,,ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ თავიანთი ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები დარგის ექსპერტებისგან და გახადონ საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული. მცირე მეწარმეებისთვის ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს ინტენსიური ტრენინგკურსის ჩატარებას ფინანსური განათლების, ელექტრონული კომერციის და მარკეტინგის საკითხებზე.
,,მოხარული ვარ, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთი იწყებს პარტნიორულ პროექტს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პროგრამა შექმნილია ფოთში საზოგადოების მხარდასაჭერად და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესის მართვის საჭირო უნარ-ჩვევების გაზრდას. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ღირებულებას ადგილობრივი საზოგადოებისთვის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობის დაწყებით, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ APM Terminals-ის ინტერესს ფოთის მოსახლეობის მიმართ“, - აცხადებს გენერალური დირექტორი კელდ მოსგარდ კრისტენსენი.
,,მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ეიპიემ ტერმინალს ფოთთან პროექტის APMTerminals4Poti ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ფოთში არსებულ 80-ზე მეტ მეწარმეს უკეთ მართონ საკუთარი ბიზნესი და გაზარდონ შემოსავლები. ინიციატივის ფარგლებში მოხდება მეწარმეებისთვის ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარება საბაზრო კავშირების ჩამოყალიბებასა და ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით“, - აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ მარიკა შიოშვილმა.
გასულ წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად დაიწყო მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამა -„ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti), რითაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატში გადავიდა. APMTerminals4Poti-ის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკურსის წესით მოეპოვებინათ მიზნობრივი დაფინანსება.
პროგრამით გათვალისწინებული იყო 80-ზე მეტი მცირე ბიზნესპროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე წვდომას.