თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით იმუნოლოგთა საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

თბილისში, ასთმის მსოფლიო დღისა და ალერგიის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იმუნოლოგთა საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (საკია).

„კონფერენცია მოიცავს რამდენიმე მიმართულებას:

ასთმისა და იმუნოლოგიის საქართველოს XI ეროვნული კონგრესი; ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების VII ევროპული კონგრესი და I საერთაშორისო კონგრესი „კორონავირუსული ინფექცია“ (COVID-19); პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. ასევე, კონგრესის ფარგლებში იმართება საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა: "მოლეკულური ალერგოლოგია და ვაქცინაცია".

4 მაისს, სკოლა-სიმპოზიუმი “მიკრობიომი, ვირობიომი და ქრონიკული დაავადებები” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა. 5-6 მაისს კონგრესს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ უმასპინძლა, ხოლო 7 მაისს კონფერენცია კვლავ თსსუ-ში გაიმართება.

კონგრესის თანათავმჯდომარეა თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, რომელიც იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების (IUIS) აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

აღსანიშნავია, რომ 5 მაისს, კონგრესის მიმდინარეობისას, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რევაზ სეფიაშვილმა ასოციაციის დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით აქტიური წევრები და მათი მხარდამჭერები, მათ შორის თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია საპატიო სიგელით დააჯილდოვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ ტრადიციული კონგრესი, რომელიც თსსუ-ის თანაორგანიზებით იმართება, საქართველოში მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საუკეთესო შესაძლებლობაა.

„საერთაშორისო წარმომადგენლობა მსჯელობს იმუნოლოგიის და ალერგოლოგიის უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ საკითხებზე. უახლოეს მომავალში აქ მიღებული გადაწყვეტილებები დაინერგება კლინიკურ საქმიანობაში, რაც წაადგება მედიცინის განვითარებას“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში მიმდინარე კონგრესის თარიღი ემთხვევა მსოფლიო საერთაშორისო იმუნოლოგიის დღეებს, ასევე მსოფლიო ასთმის კვირეულს. ამის პარალელურად, თსსუ-ის მუდმივი პარტნიორობითა და ხელშეწყობით თბილისი მასპინძლობს საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერებს სხვადასხვა ქვეყნიდან: აშშ, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, იტალია და ა.შ.

როგორც თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა განაცხადა, კონფერენცია უნიკალური შესაძლებლობაა, ახალგაზრდა ქართველი ექიმებისა და უცხოელ მეცნიერებთან პირისპირ კომუნიკაციისთვის.

„ის, რომ ადგილზე (ფიზიკური დასწრებით) ტარდება კონგრესი, არის უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის, ისინი პირადად ხვდებიან და ესაუბრებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებს ამ დარგში. ასეთი შეხვედრები საშუალებას აძლევს ყველას, გაიგონ, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში, რომელიც ხვალ საფუძვლად დაედება ცვლილებებს კლინიკურ პრაქტიკაში“, - განაცხადა თინათინ ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ღონისძიება მოიცავს პლენარულ სესიებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, სკოლას. კონგრესის პროგრამა მოიცავს, როგორც მოლეკულური ალერგიის სკოლას, ასევე საკია-ს ერთობლივ სესიებს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიასთან.

„კონგრესზე განიხილება ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში ფუნდამენტური კვლევის უახლესი მიღწევები, ასევე იმუნოპათოლოგიურ დაავადების კლინიკურ მართვაში უკანასკნელ წლებში დაგროვილი ახალი გამოცდილება.

ღონისძიებას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები, სპიკერები, რომლებიც წარმოადგენენ იმუნოლოგიური საზოგადოების საერთაშორისო კავშირს (IUIS), ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციას (WAO), ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემიას (EAACI), იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ასოციაციას (WIPO), ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკის კოლეჯს (ACAAI), იმუნოლოგიურ საზოგადოებათა ევროპის ფედერაციას (EFIS), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პროგრამებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს