მეუფე შიო - წმინდა გიორგისთვის იყო ერთადერთი გზა და ჭეშმარიტება - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სხვა გზა მან არ იცოდა, სხვა გზით იგი არ დადიოდა, ჩვენთვისაც მაგალითია, რომ ამ გზით ვიაროთ

წმინდა გიორგისთვის იყო ერთადერთი გზა და ერთადერთი ჭეშმარიტება - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. სხვა გზა მან არ იცოდა, სხვა გზით იგი არ დადიოდა. ამიტომაც გახდა დიდი მოწამე და ჩვენთვისაც მაგალითია, რომ ჩვენც ამ გზით ვიაროთ,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გიორგობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, უფალი იესო ქრისტე ყველა ადამიანის სიყვარულს გვამცნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განურჩევლად იმისა, ჩვენ მოგვწონს ადამიანი, როგორ გვექცევა, თუ არ მოგვწონს, ეს მცნება უნდა შევასრულოთ.

“ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ გიორგობას, დიდებულ დღესასწაულს. თქვენ იცით, რომ მრავალრიცხოვანია მოწამეთა დასი და აი, ამ მრავალრიცხოვან დასში არიან კიდევ ისეთი მოწამეები, რომლებმა დაითმინეს განსაკუთრებით მძიმე და საშინელი ტანჯვა. მათ ეწოდებათ დიდმოწამეები. აი, ამ დიდმოწამეებს შორისაც გამოირჩევა წმინდა დიდმოწამე გიორგი, რომლის ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ მისი დალოცვა.

ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ მოციქულთა ქადაგებას ჰქონოდა ისეთი ძალა საუკუნეების განმავლობაში, რომ არ ყოფილიყვნენ წმინდა მოწამეები და მათი ღვაწლი, მათი სასწაულები. ალბათ შეუძლებელია, ძნელი წარმოსადგენია, რომ ასე ყველა ხალხს ეწამა იესო ქრისტე, როგორც აღდგომილი მკვდრეთით, რომ არ ყოფილიყო ღვაწლი წმინდა მოწამეებისა, რომლებიც გვაძლიერებენ ჩვენ სარწმუნოებაში და გვაძლევენ ჩვენ დიდ მაგალითს ურყევი რწმენისა.

დღეს გიორგობასთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარების ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, იგი ამბობს, რომ „ამას გამცნებთ თქვენ“, ე.ი. „ამ მცნებას გაძლევთ, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი“. ეს ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა ადამიანზეა საუბარი, ყველა ადამიანის სიყვარულს გვამცნებს ჩვენ უფალი იესო ქრისტე და ეს ნიშნავს, რომ განურჩევლად იმისა, ჩვენ მოგვწონს ადამიანი, როგორ გვექცევა იგი, თუ არ მოგვწონს, აი, ეს მცნება უნდა შევასრულოთ.

მაგრამ ეს მცნება ძალიან ბევრს არასწორად ესმის. ამიტომ ბევრი იბნევა, ვინაიდან ჰგონიათ, რომ ეს არის გრძნობითი სიყვარული. ბევრი ასე ფიქრობს, რომ ეს არის გრძნობა, მაგრამ შეუძლებელია საკუთარ თავს გრძნობა დააძალო; მაგრამ რადან უფალი გვამცნებს ამას და მცნებად გვაძლევს, ეს ნიშნავს, რომ აქ სახარებისეულ სიყვარულში არ იგულისხმება გრძნობა, არამედ იგულისხმება თვისება და ამაზეც საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ „გიყვარდეთ მოყვასი თქვენი, როგორც თავი თქვენი“.

აი, ჩვენ რომ დავფიქრდეთ, ადამიანს საკუთარი თავი ყოველთვის ასე გრძნობითად არ უყვარს, ყოველთვის ასეთ ნაზ გრძნობებს არ განიცდის საკუთარი თავის მიმართ, ხომ ასეა?! ხშირად საკმაოდ კრიტიკულებიც ვართ საკუთარი თავის მიმართ, საკუთარ თავს ადამიანი ხშირად ყვედრის კიდეც, იღლება კიდეც საკუთარი თავისგან. ასე რომ, აი, ეს სიყვარული მოყვასისა, როგორც შენი თავისადმი, ვიმეორებ სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვქონდეს ნაზი გრძნობები ყველასადმი, განურჩევლად მათი ქცევისა და მათი ჩვენდამი დამოკიდებულებისა. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ამიტომ ამბობს უფალი, რომ „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ. და ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ“. აი, ეს არის სიყვარული და არა გრძნობა. თუმცა, რა თქმა უნდა, გრძნობაც შედის, მაგრამ ყველას მიმართ გრძნობის გამოვლენა შეუძლებელია. და ეს, რაც მე მოგახსენთ, არის ოქროს წესი ადამიანებთან ურთიერთობისა და სიყვარულისა, რაც გულისხმობს ქმედით სიყვარულს, რომ ქმედითად გამოვავლინოთ ჩვენ ეს სიყვარული და შევეწიოთ ჩვენს მოყვასებს.

აი, ასეთი სიტყვებია დღევანდელ სახარებაში და ამაზე გვაფიქრებს ის დღეს. სწორედ ასეთი სიყვარული უნდა შევძლოთ, იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენი ქრისტიანობა იქნება ამაო და ფუჭი, თუ ჩვენ ამას არ შევძლებთ. მაგრამ ეს არის ძალიან რთული, რადგან ჩვენს თავში ყველაზე მეტად ჩვენი დაცემული ბუნება ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რაც არის ღვთისგან და ღვთის მადლისგან. ამიტომ საჭიროა ძალისხმევა. საკუთარი ძალებით ადამიანები ამას ვერ დაძლევენ, ამიტომ არის საჭირო ღვთის მადლის შეწევნა, რომელზეც ასევე საუბრობს დღევანდელ სახარებაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე. იგი ამბობს, რომ „მოვა ნუგეშინისმცემელი სულიწმიდა, რომელსაც მე მოგივლენთ თქვენ მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისაგან გამოვალს. მან სწამოს ჩემთვის“.

ამიტომაა ეს სახარება დღევანდელ დღეს გამორჩეული, რომ „მან სწამოს“, ე.ი. „სულიწმიდამ სწამოს, რომ მე ვარ ძე ღვთისადა მხსნელი სოფლისა“.

აი, წმინდა გიორგიმ შეძლო ასეთი სიყვარულის გამოვლენაც და წმინდა გიორგის პირით სულიწმიდამ დაამოწმა ჭეშმარიტება, რომ ჭეშმარიტება არის თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე. გახსოვთ, როდესაც მას აწამებდნენ, წმინდა გიორგის ჰკითხეს, რომ „რა არის ჭეშმარიტება? შენ რას ემსახურებიო?“ მან თქვა, რომ „მე ვემსახურები ჭეშმარიტებას“. რა არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება არის უფალი იესო ქრისტე. მან ბრძანა: „ეს არის გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება“. ამისთვის ეწამა, ამისთვის აღესრულა და ამიტომ ვადიდებთ ჩვენ მას, ამიტომ გვიყვარს ჩვენ იგი და ვეთაყვანებით, ამიტომ არის განდიდებული ასე წმინდა გიორგი ჩვენს ეკლესიასა და მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ამრიგად, წმინდა გიორგისთვის იყო ერთადერთი გზა და ერთადერთი ჭეშმარიტება, ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. სხვა გზა მან არ იცოდა, სხვა გზით იგი არ დადიოდა. ამიტომაც გახდა დიდი მოწამე და ჩვენთვისაც მაგალითია, რომ ჩვენც აი, ამ გზით ვიაროთ და ჩვენი ერიც ყოველთვის ცდილობდა, ჩვენი გზა იყო ეს, აი, ამ გზით სვლა, ჭეშმარიტებით და ცხოვრების გზით სიარული, რაც არის ჩვენი ეკლესია და უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

აი, ამ გზაზე სიარულით მოვედით ჩვენ აქამდე და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი შემდგომი და გადარჩენის გზაც მხოლოდ ესაა. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ ეს სიბრძნე. შეგვეწიოს წმინდა გიორგი ჩვენ, ყოველ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, ჩვენს სამშობლოს - საქართველოს და მისი ლოცვით უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება, ამინ!“- განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს