შალვა ოგბაიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ -  ეს ორგანიზაცია საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებას ეწევა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე საკრებულოს სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ საკრებულოს დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების შესახებ გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა, რომელშიც შალვა ოგბაიძის სახელიც ფიგურირებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

შალვა ოგბაიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს “ კვლევა სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღეს მინდა მოვიყვანო განმარტება, რა არის კორუფცია. კორუფცია სიტყვასიტყვით გაფუჭებას ნიშნავს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა უკანონო ქმედებების აღსანიშნავად გამოიყენება. რა კავშირშია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და კორუფცია? მე პირდაპირ ტოლობის ნიშანს ვსვამ, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია არის კორუმპირებული, რომელიც თავისი ეფემერული რეიტინგის ასაწევად საზოგადოებრივ აზრს აფუჭებს,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს მას ბიზნესი უკანონოდ ჩამოართვეს და დააკავეს.

„თვითონ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს თავის დასკვნაში და ამას კანონიც ადასტურებს, რომ თუკი ფიზიკურ პირს, ან სუბიექტს 6 წელს მეტი ხნის განმავლობაში მის მიერ დაფუძნებული საწარმოს თუ კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია და ეს ამ პირის დეკლარაციაში არ არის მითითებული, კანონის დარღვევა არ არის. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია მაინც მიუთითებს, რომ შალვა ოგბაიძეს თურმე რაღაც ბიზნეს წილები აქვს. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჩემი კოლეგებზეც ისეთივე „სიმართლეს“ ავრცელებს, როგორც ჩემზე,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე განჩინება წარმოადგინა, რომელიც 2009 წელს მის მიერ დაფუძნებული საწარმოს - საავტომობილო ფედერაციის აუქციონზე გაყიდვას ადასტურებს. ასევე წარმოადგინა დადგენილება, რომლითაც შალვა ოგბაიძე დაზარალებულად არის ცნობილი.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო ბიზნესი ჩამომართვეს, არამედ სახლი და ქონება გამიყიდეს. წინა ხელისუფლების დროს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე უარი ვუთხარი მერაბიშვილს, სპორტის მაშინდელ მინისტრს და თემურ ალასანიას შვილს, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტობა უნდოდა. ამის შემდეგ შავ სიაში მოვხვდი და დამიჭირეს, ხოლო ქონება, კერძოდ, რუსთავის ავტოდრომი ჩემს მოადგილეს სახელმწიფოსთვის ჩააბარებინეს. ეს ქონება შემდეგ პუტინის პირად წარმომადგენელს საქართველოში კაპიკებად მიჰყიდეს,“- დასძინა ოგბაიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა 2009 წლის 6 მაისიც გაიხსენა, როდესაც პოლიციის სამმართველოსთან მას თავს დაესხნენ. ერთი კვირის შემდეგ კი, 13 მაისს მის მიერ დაფუძნებულ საავტომობილო ფედერაციაში ფინანსური პოლიციის შემოსევა დაიწყო.

„აი, ეს არის სიმართლე. მივმართავ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და მედიის წარმომადგენლებს, რომ თავს არ ჩავღუნავთ, როდესაც ხელაღებით ტალახს გვესვრიან. მე პირდაპირ ვამბობ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუმპირებულია, რომელიც საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებას ეწევა“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო