ლაშა მელაძე - პროექტი „კენწერო“ ქმნის შესაძლებლობას ისწავლო საუკეთესოებისგან, შეიძინო უნარები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს პასუხობს და ამის გაკეთება შეძლო სახლიდან გაუსვლელად

არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) პროექტ „კენწეროს“ ხელმძღვანელი ლაშა მელაძე პროექტის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, „კენწეროს” შექმნის იდეა პანდემიის დაწყებასა და სასწავლო პროცესის ონლაინ სივრცეში გადასვლასთან ერთად გაჩნდა.

- ბატონო ლაშა უპირველესად, რომ გვითხრათ როგორ შეიქმნა კენწერო”?

- „კენწეროს” შექმნის იდეა პანდემიის დაწყებასა და სასწავლო პროცესის ონლაინ სივრცეში გადასვლასთან ერთად გაჩნდა. როგორც მოგეხსენებათ COVID-19 ვირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროში და გამონაკლისი ამ მიმართულებით არც განათლების სფეროა. სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 600,000-ზე მეტი მოსწავლე და 150 000-ზე მეტი სტუდენტი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. თუ აქამდე „კომპიუტერის გაკვეთილი” მხოლოდ კვირაში ერთხელ ტარდებოდა, 2020 წლიდან სკოლის ყველა გაკვეთილი და უნივერსიტეტის თითოეული ლექცია „კომპიუტერის გაკვეთილად” იქცა. ყველამ გააცნობიერა ონლაინ სწავლების მნიშვნელობა და, ამასთან ერთად, ქართულენოვანი რესურსების სიმწირე როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების კუთხით.

აღმოჩნდა, რომ ქართულენოვანი საგანმანათლებლო პლატფორმები თითზე ჩამოსათვლელიც არ არის, სწავლას მოწყურებული თაობა კი მხოლოდ უცხო ენაზე თუ ახერხებდა მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას. უცხო ენა კი პრივილეგია უფროა, ვიდრე ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ცოდნა. სწორედ ამიტომ, გაჩნდა იდეა, რომ რესურსები ქართულადაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო და შესაბამისად "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით, შეიქმნა ელექტრონული სწავლების ქართულენოვანი პლატფორმა Kentsero.ge.

- როგორც ვიცით არსებობს ვადასხვა პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ არაფორმალური განათლების მიღების სხვადასხვა შესაძლებლობას და რატომ არის პლატფორმა „კენწერო“ კონკრეტულად ამ მხრივ უნიკალური?

- პირველ რიგში უნიკალურია თვითონ „კენწეროს“ იდეა, რომელსაც საფუძვლად უდევს დავით გურამიშვილის ცნობილი გამონათქვამი "სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების". გარდა ამისა, "კენწეროზე" სწავლა ძირიდანვე ტკბილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, სრულიად უფასოა.

ამავდროულად „კენწეროს“ უნიკალურობის ერთ-ერთი მახასიათებელი არის მრავალფეროვნება. მრავალფეროვნება როგორც სასწავლო რესურსების მხრივ (სკოლები, სასწავლო კურსები, სახალისო ქვიზები, ბლოგები, ვიდეო-კონფერენციები) აგრეთვე, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექპერტების გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. გარდა ცოდნის მიღებისა მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ონლაინ ვებინარებში, აწარმოონ ინტერაქცია სპიკერებთან და მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები.

„კენწერო“ და მასზე არსებული კონტენტი მისი პარტნიორების და დონორების მიერ გამოცხადებული ნდობის და „კენწეროს“ გუნდის ძალისხმევის შედეგია. „კენწეროს“ მხარდამჭერები და დონორები არიან: კანადის საელჩო, კანადის ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი (CFLI), ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, UNDP, აშშ-ს საელჩო საქართველოში და პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი. „კენწეროს“ პარტნიორები კი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, "დემოკრატიის ლაბორატორია", "სექტორი 3", საჯარო ბიბლიოთეკა, "ფორბს ჯორჯია", "ბიემჯი", "საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაცია", ტელესკოლა - 1TV და სხვა.

- იქნებ მოკლედ აგვიხსნათ როგორ მუშაობს კენწეროდა ზოგადად რა შესაძლებლობებს გვთავაზობს აღნიშნული პლატფორმა მომხმარებლებს?

-პლატფორმა სწავლის მაძიებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კონტენტს საინტერესო და გასაგები ფორმატებით. „კენწერო“ ქმნის შესაძლებლობას ისწავლო საუკეთესოებისგან, შეიძინო უნარები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს პასუხობს და ამის გაკეთება შეძლო სახლიდან გაუსვლელად.

რესურსების სანახავად პირველი ნაბიჯი საიტზე რეგისტრაციაა, რის შემდეგაც შესაძლებელია სასურველი სკოლის/კურსის არჩევა და მისი გავლა. რეგისტრირებულ პირს პლატფორმა ქვიზების გავლას სთავაზობს, რისი მიზანიც არსებული და შეძენილი ცოდნის შემოწმებაა.

„კენწერო“ ამ ეტაპზე სამ მიმართულებას სთავაზობს მომხმარებლებს, ესენია: დემოკრატიზაცია და კარგი მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები და აქტიური მოქალაქეობა და ლიდერობა. თითოეული მათგანი სხვადასხვა სფეროში საბაზისო ცოდნის შეძენასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება ჩვენს მომხმარებლებს. სასწავლო კურსების დასრულების შემდეგ მსმენელები სერტიფიკატსაც იღებენ.

ამავდროულად 2021 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ტელესკოლასთან პარტინორობით "კენწეროზე" შეიქმნა „სამასწავლებლო", რომელიც მასწავლებლებს აძლევს საშუალებას მიიღონ მეტი ინფორმაცია თანამედროვე განათლების გამოწვევებსა და ზოგადი განათლების ძირითად რეფორმებზე.

„კენწეროს“ ყველაზე ახალი სასწავლო კურსია „მედიაწიგნიერება“, რომელიც დაინტერესებულ პირებს ინტერნეტ და მედია სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში, ფაქტებისა და ცრუ ინფორმაციების ერთმანეთისგან გარჩევასა და სიმართლის აღმოჩენაში ეხმარება.

- რა შედეგებს მიაღწია კენწერომდა რა არის პლატფორმის მთავარი მონაპოვარი?

-„კენწერო“ სულ რაღაც ერთი წლისაა და ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა სამი ონლაინ სკოლა, 16 სასწავლო კურსი და 172 მოკლე ვიდეო ლექცია, რომელსაც სფეროს წამყვანი 78 სპიკერი უძღვება. ინტერნეტ სივრცეში გაშვების დღიდან (20.01.2021) პლატფორმაზე განხორციელებულია 500 000-ზე მეტი აქტივობა.

პლატფორმას ჰყავს 150 000-ზე მეტი ვიზიტორი და 25 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი, რომელთა შორის ძირითადად არიან 16-29 წლის ასაკის მქონე ახალგაზრდები (მოსწავლეები, სტუდენტები), თუმცა აქტიურ მომხმარებლებს შორის არიან ასევე მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.

„კენწეროს“ აუდიტორია დღითიდღე იზრდება და აერთიანებს ვიზიტორებს როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იტალია, ჩინეთი და სხვა).

„კენწეროს“ აქვს საკუთარი Instagram და Facebook გვერდი 5000-მდე მხარდამჭერით. „კენწეროს“ ასევე გააჩნია Facebook ჯგუფი, სადაც წევრებს/მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ სიახლეებსა და გაცვალონ ერთმანეთში მოსაზრებები.

- როგორია კენწეროსსამომავლო გეგმები? როგორც ვიცით კენწეროსგანვითარების იდეა პლატფორმა „ორბელიანი მეტის“ 16 გამარჯვებულ იდეას შორის მოხვდა. რას გულისხმობს აღნიშნული პროექტი და როგორ ხდება მხარდაჭერა?

-როგორც ზემოთ ვახსენეთ ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა უამრავი საინტერესო თემის დასაფარად და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად პლატფორმას ესაჭიროება მუდმივი მხარდაჭერა. „კენწეროს“ გეგმებში პლატფორმაზე ახალი სასწავლო კურსების დამატება, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის (შშმპ პირები, ეთნიკური უმცირესობები და სხვა) ვებ-გვერდის ადაპტირება, ტექნიკური გაუმჯობესება და კიდევ მრავალი საინტერესო იდეა აქვს.

ჩვენი იდეების განსახორციელებლად რასაკვირველია აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. თუმცა ამჯერად გადავწყვიტეთ „კენწეროს“ განვითარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება მოვახდინოთ სახალხო დაფინანსების გზით, რისი არაერთი გამოცდილებაც გააჩნია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილი იდეა სახელწოდებით „გახადე განათლება უფრო მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი!“ ქრაუდფანდინგის პლატფორმა “ორბელიანი მეტის” 16 გამარჯვებულ იდეას შორის მოხვდა. როგორც ცნობილია, ქრაუდფანდინგი (Crowdfunding) დაფინანსების მოპოვების თანამედროვე გზაა ონლაინ სამყაროს მეშვეობით. ეს არის თანხის შეგროვების შესაძლებლობა საზოგადოების დახმარებით.

იდეის განხორციელებისთვის საჭირო თანხების შეგროვების კამპანია 18 აპრილს დაიწყო და 31 მაისამდე გრძელდება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანოს პლატფორმა „კენწეროს“ განვითარებაში, რაც დაეხმარება ახალგაზრდებს, მასწავლებლებს და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს შეიძინონ ისეთ ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროა სწრაფად ცვალებად, გლობალიზებულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში თვითრეალიზაციისთვის.

თუკი იდეის განხორციელებისთვის საჭირო თანხის 30% მოქალაქეების შემოწირულობებით შეგროვდება, თანხის 70%-ს USAID/Georgia-ს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დაფინანსებით მივიღებთ. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის USAID Civil Society Engagement Program - ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.

დიდი მადლობა პლატფორმა “ორბელიანი მეტს” და USAID/Georgia-ს ამ შესაძლებლობისთვის, ასევე ყველა შემომწირველს და მხარდამჭერს, რომელიც ჩაერთო და მომავალში ჩაერთვება ამ კამპანიაში.

მხარდასაჭერად და უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა