ეროვნული კინოცენტრიდან საექსპერტო კომისიის გათავისუფლებული წევრები სამართლებრივ დავას იწყებენ

ეროვნული კინოცენტრიდან საექსპერტო კომისიის წევრები გათავისუფლდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის-პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების გამარჯვებულები უნდა გამოევლინათ და კონკურსში განაცხადის სახით შესული 15 პროექტი შეეფასებინათ.

გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, მათ მიმდინარე წლის 15 აპრილს მიიღეს შეტყობინება, რომ მათი დანიშვნის ბრძანებაში ცვლილება შევიდა და კომისიის შემადგენლობა სრულად განახლდა.

როგორც ისინი აღნიშნავენ, კომისია 7 წევრისგან იყო დაკომპლექტებული და მათ არ მიუღიათ დასაბუთებული პასუხი ან რაიმე ტიპის განმარტება, დათხოვნის მიზეზებისა და საფუძვლის შესახებ.

საექსპერტო კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და ამასთან, პატივისა და ღირსების შემლახავია.

ისინი სამართლებრივ დავას გეგმავენ. სასამართლოში მათ ინტერესებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) დაიცავს.

„მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად ქალბატონი თეა წულუკიანი დაინიშნა, დაიწყო რეორგანიზაციები და ადამიანების გათავისუფლება, რამაც საკადრო წმენდის ხასიათი მიიღო. გათავისუფლებები სხვადასხვა დარგში ხორციელდება, ეს არის კინო, თეატრი, მუზეუმი და ა.შ. დღეს კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. იცით, რომ კინოცენტრთან არსებობდა საექსპერტო კომისია, რომელსაც პირველი მსხვილმასშტაბიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების გამარჯვებულები უნდა გამოევლინა და ამისთვის შეიქმნა ეს კომისია გაგა ჩხეიძის ბრძანებით, თუმცა, მას შემდეგ, რაც ის კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან სავარაუდოდ, ჩუმად გაათავისუფლეს, ახალმა დირექტორმა კომისიის შემადგენლობა შეცვალა და მაშინ, როდესაც კომისიის წევრები შემოსულ პროექტებზე მუშაობდნენ და უკვე გასაუბრების ეტაპი უნდა დანიშნულიყო, მათ შემთხვევით გაიგეს, რომ ახალი წევრებით შეიქმნა კომისია და ისინი აგრძელებდნენ ამ მიმართულებით მუშაობას. წარმოუდგენელია ასეთი ფორმით ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც კომისიაში კონტრაქტის საფუძველზე იყვნენ დანიშნული, მათ შორის ეს არის ღირსების შემლახველი იმიტომ, რომ ადამიანი პროფესიული ნიშნით იყვნენ შერჩეული ამ სფეროში. შესაბამისად, ჩვენ, "სამართლიანი არჩევნები" ისევე, როგორც სხვა გათავისუფლებულ ადამიანებთან, აქაც სამართლებრივ დავას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ დავიცვათ იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც კომისიის წევრები იყვნენ. ზოგადად, ვხედავთ, რომ ქალბატონ წულუკიანს ერთი და იგივე მიდგომა აქვს ყველგან, იწყება "რეორგანიზაცია", ადამიანების გათავისუფლებები, რომლებიც არ არიან ლოიალურად განწყობილი მისი ან მისი პოლიტიკური ხედვების მიმართ, რასაც დაუშვებლად მივიჩნევთ, როგორც კულტურის სფეროში, ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებებში",-განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა