ხათუნა სამნიძე - ყველა, ვისაც უკრაინაზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, თურმე ომის მომხრე ვართ, ამ რიგებს უკვე შეემატა დასავლეთი, თურმე ყველა კოორდინირებულად მუშაობს - „ქართული ოცნება“ აგონიაშია

ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან ეჭვიანი ადამიანი. ახლა, როდესაც დასავლეთიდან სანქციების კასკადია, ის მითუმეტეს ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა.

სამნიძემ ისაუბრა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების შესახებ, რომელშიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, „კოორდინაციის შედეგი“ იყოს, რითაც კობახიძე შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას გამოეხმაურა.

„ყველა ოლიგარქს, რომელიც რამით დაკავშირებულია რუსეთთან, სანქციები ემუქრება, ამ ფონზე მას განსაკუთრებული სიმძაფრით ექნება ეს ეჭვიანობა. ცხადია, ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ არის კერძო პირი და ეს არის მისი კერძო დავა, ბატონი ირაკლი კობახიძე, რა თქმა უნდა, საკუთარი ინიციატივით არაფერს იტყოდა, მან თავისი უფროსი, ხელმძღვანელი და კერძო პირი დაიცვა. მთელი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ დაეცვა საკუთარი უფროსი. ამ დაცვის პროცესში ირაკლი კობახიძემ არაფრად ჩააგდო ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის დაზიანება მისთვის არაფერს წარმოადგენს. თუ საქმე ეხება მის [ივანიშვილის] უსაფრთხოებას, ქონებას, თანხებს, ზიანდება თუ არა ქვეყნის ინტერესი მას არ აინტერესებს“, - განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება იყო „პირდაპირი თავდასხმა დასავლეთზე“.

„ყველა, ვისაც უკრაინაზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, თურმე ვართ ომის მომხრე. ამ რიგებს უკვე შეემატა დასავლეთი - აშშ იქნება ეს თუ შვეიცარიის ბანკი, თურმე ყველა კოორდინირებულად მუშაობს. ეს არის „ქართული ოცნების“ სტილი, ერთგვარი ბოდვა, ეს ახალი არ არის. ამაში ჩაერთო ყველა მათი ე.წ. ექსპერტი თუ ინფლუენსერი, ვისაც შეუძლია მასებზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ ეს აღარ მუშაობს. მან დაადასტურა, რომ არის არაფორმალური მმართველი, რომელსაც ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა.

"ქართული ოცნება" აგონიაშია, მესიჯ-ბოქსიც აერიათ. თუ აქეთკენ წავიდა და სანქციებზე წავიდა საუბარი, ბიძინა ივანიშვილის არაფერი დაიცავს - ვერც მისი გუნდი შეძლებს მის დაცვას და ვერც მისი პოლიტიკური განცხადებები, ბრიფინგი, თუ პრესკონფერენცია, რომელიც თურმე დაანონსდა საერთაშორისო მედიისთვის. ეს არის მის პირად ფინანსებთან დაკავშირებული საქმე და ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ მისი ფინანსების გამო „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევს, რომ დააზიანოს ეს ქვეყანა. ეს კი არა, მათ უკრაინასთან მიმართებით ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომ დღემდე გვიწევს თავის მართლება ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა