თემაზე - „პენიტენციურ სისტემაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა პატიმრების და პერსონალის ჯანმრთელობის და სხვა სახის უფლებრივ მდგომარეობაზე“ - ანგარიში წარადგინეს

საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ საერთო კვლევის ანგარიში წარადგინეს თემაზე „პენიტენციურ სისტემაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა პატიმრების და პერსონალის ჯანმრთელობის და სხვა სახის უფლებრივ მდგომარეობაზე“.

ომბუდსმენის ინფორმაციით, კვლევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ჩათვლით, პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე პანდემიის პირობებში მიღებული განსაკუთრებული ზომების ზეგავლენა არის შეფასებული.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მდგომარეობა გარკვეული მიმართულებებით გაუმჯობესდა, გარკვეული მიმართულებებით კი გაუარესდა.

„პირველი ასეთი კვლევა აპარატს 2017 წელს აქვს ჩატარებული და გვაინტერესებდა 4 წლიან დინამიკაში როგორი პროგრესი იყო. გარკვეული მიმართულებებით გაუმჯობესებები გვაქვს, გარკვეული მიმართულებებით კი გაუარესებები, რაც ბუნებრივია, პანდემიის თანმდევი შედეგი იყო, იქიდან გამომიდინარე, რომ გარკვეული სამედიცინო სერვისების ადგილზე მიწოდება რთულდებოდა. რთულდებოდა გარკვეულწილად ის, რომ პატიმრების დროული გაყვანა მომხდარიყო და ამან ბუნებრივია, გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით კონკრეტული რეკომენდაციები გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ პენიტენციური სამსახური, საქართველოს პარლამენტი, სახელმწიფო უწყებები ამ ანგარიშს და რეკომენდაციებს გულისყურით მოეკიდებიან და პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მოხდება,“ - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

„კვლევის თანახმად, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გატარებულმა ღონისძიებებმა კოვიდ 19-ის დაავადების პრევენციაზე დადებითი ზეგავლენა იქონია, ამას აგრეთვე ხელი საკარანტინო სივრცეების გამოყოფამ და საეჭვო პაციენტების იზოლაციის ღონისძიებებმა შეუწყო. არ შეიძლება არ აღინიშნოს დაწესებულებების პერსონალსა და პატიმრებში PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტირების მასობრივი და რეგულარული ჩატარების მნიშვნელობა, რამაც დაავადების ადრეულ გამოვლენაში ერთ-ერთი ძირითადი როლი ითამაშა. სამედიცინო პერსონალთან და პატიმრებთან გასაუბრებამ ცხადყო, რომ ვაქცინაციის პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში კარგი ტემპით მიმდინარეობდა. ასევე, 2017 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, 2021 წელს შემცირებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც თვლიდნენ, რომ საკვები პროდუქტები არასაკმარისი იყო.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პანდემიის პერიოდში შეზღუდვების პოლიტიკა გადაჭარბებულად იქნა გამოყენებული და გადაწყვეტის ალტერნატიული შესაძლო გზების მოძიების მიმართულებით შესაბამისი ძალისხმევა არ იქნა გაწეული. სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ პატიმრების რაოდენობის შემცირებას მიზნით სათანადო ნაბიჯები არ გადადგმულა. შეფასების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება სამედიცინო საკითხებს დაეთმო. კვლევამ უჩვენა, რომ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა შემცირდა, რამაც სამედიცინო მომსახურების მიღების გაჭიანურება გამოიწვია. ამბულატორიული მომსახურების გაჭიანურებისა და შემცირების გამო, პატიმართა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის რაოდენობა გაიზარდა, ასევე სასწრაფო წესით სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის შემთხვევები გაიზარდა. ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების შემცირებამ პატიმართა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც პატიმართა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მკურნალობის საჭიროება გაზარდა.

პანდემია და მიღებული ზომები პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტზე უარყოფითად აისახა. კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდვების მოქმედების პერიოდში კომპენსაციის სახით დამატებული უფასო სატელეფონო წუთები შეზღუდვების საპირწონედ საკმარისი არ იყო. პატიმრებს ადვოკატთან, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან ურთიერთობა შეეზღუდათ, რის გამოც შესაბამის მომსახურებას ვერ იღებდნენ. პანდემიის პირობებში სარეაბილიტაციო პროგრამები საგრძნობლად შემცირდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები მძიმე იყო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა