გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.
ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის ჯგუფის სამხრეთ კავკასიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მთავარ ეკონომისტ, იან იუსტ ნიჯჰოფსთან გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამეცნიერო მიმართულებით საქართველოში დანერგილი ტექნოლოგიები განიხილა.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება აგრარული მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ფერმერების მხარდაჭერასა და მათი გადამზადების საკითხებზე გაამახვილეს.
„სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება გვსურს, ამიტომ უწყების საქმიანობას გავეცნობით და პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ. ამ ეტაპზე, ჩვენ სამინისტროსთან ირიგაციის მიმართულებით ვთანამშრომლობთ, თუმცა თანამშრომლობის გაგრძელება უფრო ფართო კონტექსტში გვსურს“, - აღნიშნა იან იუსტ ნიჯჰოფსმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს, სადაც მსოფლიო ბანკის ჩართულობა შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს.
„ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესებზე ვიმსჯელოთ, რომელიც მსოფლიო ბანკისთვის საინტერესო იქნება და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას წაადგება. მსოფლიო ბანკს ჩვენს ქვეყანაში ბევრი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, ამიტომაც მათთან კოლაბორაცია საინტერესოა“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.