ზურაბ აზარაშვილი - საქართველო პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ მიიღო

პანდემიის დაწყებიდან, 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ, რომ პაციენტებს ხარისხიანი სერვისი მიეღოთ. ამ თანხის ნაწილი მკურნალობაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის 50%-იანი დანამატის გასაცემად იყო მიმართული. პანდემიის სტაბილიზაციის პირობებში, 1 მარტიდან, შესაძლებელი გახდა კლინიკების ეტაპობრივი გამოთიშვა კოვიდის მართვის პროგრამიდან. ამჟამად, კოვიდ პაციენტების მიღებას, საჭიროების შესაბამისად, ახორციელებს 40-მდე კლინიკა, 2000-მდე საწოლით. თუმცა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე, მინიმალურია და დღეში, 30 შემთხვევას შეადგენს, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს რესურსები მიმართული იყო დაავადების როგორც ჰოსპიტალურ, ისე პირველადი ჯანდაცვის დონეზე მართვისკენ. პროცესების ეფექტური დაგეგმვით კი, COVID-19 ინფიცირებულმა მოქალაქეებმა, სათანადო სერვისი, მკურნალობის ყველა დონეზე, ბარიერების გარეშე, შეუფერხებლად მიიღეს.

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე ისაუბრა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატზე. მისი თქმით, მიმდინარე წელს, საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ მიიღო.

„Pfizer-ის წარმოების პრეპარატი აშშ-სა და ევროპაში წარმატებით გამოყენების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან „პაქსლოვიდი“ უფასოდ გადაეცემათ საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში აშკარად გამოიკვეთა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის მუდმივი მზაობა ინფექციურ დაავადებებზე რეაგირებისთვის. ჰოსპიტალური ქსელის პასუხისმგებლობა, პანდემიის პირობებში, ინფექციური დაავადებების მართვისთვის საწოლფონდის მობილიზების თაობაზე, მიმდინარე წლის მარტში, სანებართვო პირობებსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადგენილებებში აისახა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტრო, რეგულირების სააგენტო და შრომის ინსპექციის სამსახური აგრძელებენ კლინიკების მონიტორინგს ინფექციის კონტროლის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პერსონალის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით. სამინისტროსთვის მთავარი ამოცანაა პაციენტების და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესების და უფლებების დაცვა, მრავალმხრივი მიმართულებით.

პანდემიის პირველი დღეებიდან, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ხორციელდებოდა სამედიცინო დაწესებულებების მხარდამჭერი მონიტორინგი, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მიწოდება ხარვეზების გამოსწორებისთვის. დაწესებულებებს ყოველთვის ჰქონდათ მიცემული შესაძლებლობა და გონივრული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, გათვალისწინებული იყო პანდემიის ფორსმაჟორული რეჟიმიც. მაგრამ ახლა, სწორედ ის დროა, როდესაც სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილებები, პაციენტების და სამედიცინო პერსონალის მომავალი დაცულობისთვის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა