გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ფერი არ ჰქონდა, თეთრი იყო სულ, სიარული უჭირდა - მითხრა, რომ გუშინ სამჯერ დაეცა, საშინელი სისუსტე აქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თვალშისაცემად გაუარესებულია. ამის შესახებ გიული ალასანიამ „ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რაც შეეხება კლინიკაში არსებულ ვითარებას, როგორც ალასანია აცხადებს, "ვივამედში" კარგი პირობებია და "არ შეადარებს გორის კლინიკას".

„მე რაც დავინახე, ორი დღის წინ მყავდა ნანახი ციხეში, იმასთან შედარებით ბევრად უარესად იყო, თვალშისაცემად. ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა რომ შევხედე, თეთრი იყო სულ. სიარული ძალიან უჭირდა. ვიფიქრე, ჩვენც ხომ არ გვეძინა და ალბათ, ისიც ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არა, მეძინაო. გუშინ კიდევ სამჯერ დავეციო მითხრა, ასეთი მდგომარეობა აქვს - საშინელი სისუსტე.

ექიმები ვნახე, გავიცანი, ძალიან ყურადღებიანი ხალხია, ძალიან კარგი ვითარებაა ამ მხრივ, მაგრამ ეს [სააკაშვილი] არ არის კარგად თვითონ, აი, ეს არის პრობლემა, თორემ თვითონ პერსონალი ძალიან მომეწონა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში კარგი პირობებია, ეს არ არის საკმარისი მიხეილ სააკაშვილის გამოსაჯანმრთელებლად და ის უცხოეთში უნდა გადაიყვანონ.

„ანალიზები გაკეთდა, პასუხები არ ვიცი ჯერ, უნდა დავაკვირდეთო. როდემდე გაჩერდება არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა ადამიანის აქედან გაყვანა იმიტომ, რომ არც დაკვირვება და არც ანალიზები, გამოკვლევა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი. მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, გადარჩენაზეა.

ძალიან ცდილობს ყველა, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ყველანაირად ჩანს, რომ აქ მისი რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება და რაც შეიძლება სწრაფადაა საჭირო, რომ დაიწყოს ეს პროცესი იმიტომ, რომ ყოველ წუთში შეიძლება რომ ადამიანი აღარ იყოს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა დღეს განსაკუთრებით. რომ ვნახე ბოლოს იქაც კი არ მქონია ასეთი შთაბეჭდილება, მაგრამ დღეს რაც ვნახე, უბრალოდ შემეშინდა.

გავიგე, რომ ამ კლინიკაშიც არ ჰქონიათ ასეთი შემთხვევა ასეთი პაციენტი ჰყოლოდათ. არ არის გამოცდილება. ცხრა დიაგნოზი აქვს დასმული უკვე და ყველა არის ერთმანეთზე მძიმე და დაავადებას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ძალიან მძიმე დასასრული“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას თქმით, ხვალვე მიხეილ სააკაშვილს მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მონახულებას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა