თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირებაა ასახული.
უწყება მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირება. აღნიშნული ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც გეგმიური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ქალაქ გორში ბრუნდებოდა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რკინიგზის გამოყენებით აღნიშნულ პოლიგონზე წლებია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება ხორციელდება.
თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სწავლების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია 12 მაისს გაავრცელა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.