აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანგარიში კომიტეტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.
„ჯაბა ფუტკარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, შარშან, აჭარაში არცერთი პროექტი არ შეჩერებულა.
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მარინე გვიანიძის განცხადებით, 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მზადაა პლენარულ სხდომაზე გასატანად.
კითხვა-პასუხის შემდეგ, კანონმდებლებმა ჯაბა ფუტკარაძის კიდევ ერთი მოხსენება მოისმინეს. მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა კომიტეტმა ცნობად მიიღო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.