მიხეილ ჩხენკელმა 41-ე საჯარო სკოლაში სპორტული ფესტივალი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფესტივალი გახსნა, რომელიც გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელი ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ხაბარელთან ერთად, ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა და მათ სპორტულ აქტივობებში წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

„დღეს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში, სადაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინული სექტორი დაფუძნდა, მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო სპორტული ღონისძიება ჩატარდა. აქტივობებში მონაწილეობა, როგორც უკრაინელმა, ასევე, ქართველმა მოზარდებმა მიიღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალურ გარემოში მრავალფეროვან აქტივობებში ჩართულობით, მოსწავლეებს ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და დამეგობრების საშუალებას მიეცათ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სასკოლო სპორტული-გამაჯანსაღებელი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის მერს, კახა კალაძეს და პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელს მხარდაჭერისა და სასკოლო სპორტული ფესტივალის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსწავლეების ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სასწავლო პროცესში მათთვის არაფორმალური განათლების სახით სპორტული აქტივობების შეთავაზება და სხვადასხვა აქტივობებით წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანია სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა – ყველა ახლადაშენებული და რეაბილიტირებული სკოლა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილია. ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც სასკოლო სტადიონების, სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, ასევე, ახალი თანამედროვე სტანდარტებით სპორტის მასწავლებლების გადამზადება.

თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში გამართული ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 200-მდე ქართველმა და უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო. ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ხელბურთის, ბადმინტონისა და ფრენბურთის ეროვნული ფედერაციები და თბილისის კარატეს ფედერაცია.

ფესტივალი მოიცავდა მოძრავ სახალისო თამაშებს ხელბურთისა და კარატეს ელემენტებით, შეჯიბრებს ფეხბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონსა და მაგიდის ჩოგბურთში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დააფუძნა, სადაც სასწავლო პროცესი პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს. უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო" სწავლობენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 700-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 300 მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორზე აგრძელებს სწავლას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა