ბექა დავითულიანი - რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, „მთავარი არხი“ გაქრება თუ რა მოხდება?!

რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, „მთავარი არხი“ გაქრება თუ რა მოხდება?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა სასამართლოს მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასთვის 3,6 წლით პატიმრობის მისჯის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, იმ ფონზე როცა დასავლელ პარტნიორებს ჰქონიათ არაერთი განცხადება სასამართლოში პოლიტიკურ გავლენებზე, ხომ არ შეიძლება ეს საქმე გახდეს კიდევ უფრო მეტი კითხვის გაჩენის საფუძველი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე, დავითულიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის გამო კითხვები არ გაუჩნდება.

"სასამართლომ მიიჩნია, რომ ნიკა გვარამიამ გადადგა ნაბიჯები "რუსთავი 2"- ის საწინააღმდეგოდ და გამოუტანა ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა. რა შეფასებებს აძლევენ პოლიტიკური ოპონენტები ამას, ეს სამართალთან მიმართებით მეორეხარისხოვანია. სარჩელი იყო ინიცირებული "რუსთავი 2"- ის დამფუძნებლის მიერ "რუსთავი 2"- ის ინტერესების დაზიანებაზე, რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, "მთავარი არხი" გაქრება თუ რა მოხდება?!

კითხვები ისმის შიგნით, ევროკავშირს, მის ოფიციალურ სტრუქტურებს, არ ვამბობ ცალკეულ წარმომადგენლებზე, ვამბობ, როგორც ოფიციალურ სტრუქტურაზე, ევროკავშირს არ მგონია არსებითი კითხვები გაუჩნდეს ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო. სტრასბურგის სასამართლომდე მისასვლელი გზა არსებობს და ვნახოთ, რამდენად სამართლიანია თუ უსამართლო ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი სარჩელი, რადგან "რუსთავი 2"- ის საქმეზე ზუსტად იგივე კითხვები იყო და ვნახეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება,"- განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან გვარამიას შესაძლო შეწყალებას, დავითულიანი აცხადებს, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა, "ნიკა გვარამია თავად ამბობდა, რომ არ სჭირდება მისი შეწყალება და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა".

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა