თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გახსნის ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი ესწრებოდა.

მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალი საგრანტო ოფისი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამეცნიერო მიმართულებით ყველა იმ პროექტში, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით განხორციელდება.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგრანტო ოფისის საზეიმო გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი, Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მაია ოკუჯავა, თელავის უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმართველობისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ქსელის გაფართოება მიმდინარეობს, რაც ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო უნივერსიტეტს მოიცავს. განათლების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული საგრანტო ოფისის ფუნქცია არის ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომი პროცესების მართვაში.

უწყების ინფორმაციით, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

შეგახსენენთ, 2021 წელს საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა.

ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა და პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, ისარგებლონ ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო