ლევან იოსელიანი - სასჯელის უმძიმესი ფორმის გამოყენება, საერთაშორისო საზოგადოებასთან შემდეგნაირად ითარგმნება, რომ ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი არის ციხეში

წინა ხელისუფლების მმართველობიდან თუ რაიმე გაკვეთილი უნდა გამოგვეტანა არის, ის რომ დაპატიმრების და ციხის ენით საუბარი გვაშორებს ერთიანობის იდეას და დემოკრატიულ მომავალს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლომ ყველაზე მძიმე ფორმა - პატიმრობა გამოიყენა, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ითარგმნება, რომ ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი არის ციხეში.

ლევან იოსელიანის თქმით, ეს რამდენად აწყობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რთული მისახვედრი არ არის.

„ნიკა გვარამიას პირადად ვიცნობ და ძალიან ბევრ რამეში არ და ვერ ვეთანხმები. იმ პარტიასთანაც ბევრი პრობლემა მაქვს, რომლის ტელევიზიასაც ის ხელმძღვანელობს. არც თავად იზიარებს ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს მაინც და მაინც, მაგრამ როგორი დამოკიდებულება გაქვს პირადად ნიკა გვარამიას, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არის ერთი და რა შედის ქვეყნის ინტერესებში, მეორე.

მუხლი, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა, სასჯელის გაცილებით მსუბუქ ფორმებსაც ითვალისწინებს, ჯარიმას ან შინაპატიმრობას. სასამართლომ კი ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა მიუსაჯა, რომლის გამოყენება არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საჭირო არ იყო.

მე არ ვიცნობ საქმის მასალებს საკმარისად კარგად, რის გამოც გამიჭირდება ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი, მაგრამ ცალსახაა, რომ სასჯელის უმძიმესი ფორმის გამოყენება, საერთაშორისო საზოგადოებასთან შემდეგნაირად ითარგმნება, რომ ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი არის ციხეში. ეს კი, რამდენად აწყობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რთული მისახვედრი არ არის.

შეიძლება ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გულს ფხანდეს ვინმეს პატიმრობა, მაგრამ ერთ წრეზე სიარულმა და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომამ, ბოლო 30 წელია, კარგი რომ არაფერი მოგვიტანა, ფაქტია. წინა ხელისუფლების მმართველობიდან თუ რაიმე გაკვეთილი უნდა გამოგვეტანა არის, ის რომ დაპატიმრების და ციხის ენით საუბარი გვაშორებს ერთიანობის იდეას და დემოკრატიულ მომავალს“,-წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა