განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული 2020 წლის 1-ელი იანვრისა. ამას ითვალისწინებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა.

პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მოსაკრებლის გადამხდელებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს მოქმედ კანონში არსებული განაწილვადების უფლებით, რათა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უზრუნველეყოთ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება და არ გადაიხადეს მოსაკრებელი, რის გამოც მათ მიმართ დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობები და დაიწყო სამართალწარმოების პროცესები სასამართლოში.

„უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პანდემიური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მათ მიმართ მოსაკრებლის გადახდის განაწილვადება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე მათთვის ერთგვარი ხელშეწყობა იქნება, რაც თავის მხრივ მშენებლობის თვალსაზრისით გაჩერებულ პროცესებს გააუმჯობესებდა. რამდენადაც მათ დროულ დასრულებას მოქალაქეები ელოდებიან“, - განაცხადა მომხსენებელმა ბექა დავითულიანმა.

კანონპროექტს დეპუტატებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს