ოთხი ტელეკომპანია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს წერილით მიმართავს

ოთხი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს წერილით მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

განცხადებას ხელს აწერს „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“.

წერილის შინაარსი მედიას „მთავარი არხის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი გაბუნიამ გააცნო.

როგორც ერთობლივ განცხადებაში მედიამენეჯერები აღნიშნავენ, ნიკა გვარამიას დაკავება დასავლეთისთვის გზავნილია, რომ საქართველო ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანაა და ის პუტინის მეთოდებით იმართება.

„ჩვენ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, დამოუკიდებელი მედიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნიკა გვარამიას დაჭერასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას დაკავება არის პირდაპირი დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული, ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანა და ის პუტინის მეთოდებით იმართება. ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და ნატო-ზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფონზე. ასევე, „ოცნების“ რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამიას დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია. ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის ან ერთი ადამიანის საკითხი. ეს არის მთლიანად ქართული მედიისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის საქმე. ჩვენ, ოპოზიციური მედია ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მხარს ვუჭერთ დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე. თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური დახმარება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი, ქვეყანა მიტაცებულია და უკვე დაუფარავად, იმართება რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას. ჩვენ გამოვიარეთ და გავუძელით ყველანაირ ჩაგვრასა და ზეწოლას. ფაქტია, რომ ოლიგარქი არ ჩერდება და მორიგ ჯერზე ოფიციალურად გააფორმა ავტოკრატია.

ქართველი ხალხისა და კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი“,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა