ნიკა მელია - აქციებთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით

აქციებთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით მედიამენეჯერებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ განაცხადა, გვარამიას დაკავების საკითხზე სხვადასხვა ჯგუფს შორის კოორდინაცია და პოზიციების გაზიარება მოხდება.

„შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ „მთავარმა არხმა“ არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულის ჩამდგმელი, დამფუძნებელი და დირექტორი უკანონოდ დააპატიმრეს. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც არა მხოლოდ „მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სხვადასხვა გეგმას, ამ მიმართულებითაც შევთანხმდით, რომ იქნება აქტიური კოორდინაცია სხვადასხვა ჯგუფში, სადაც უფრო მკაფიოდ უნდა გახდეს ცნობილი პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების პოზიციები. აქციებთან დაკავშირებითაც მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით. არ ვიქნებით ადვილად გამოსაცნობი ჩვენს მოქმედებებსა და გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა