ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ეკატერინე, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მთავარი არხისგენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ეს თემა ჩვენში აშკარად ყველაზე განხილვადია და ჩვენი საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ.

ნიკა გვარამიას მხარდამჭერები, სახალხო დამცველის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ბრალდება ეხებოდა კერძო სუბიექტებს შორის დავას, ფინანსების არასწორად ხარჯვას, შესაბამისად, ბრალდებული არ უნდა გასამართლებულიყო სისხლის სამართლის მუხლით.

მეტიც, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ დევნად და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. ცხადია, ოპონენტები კი პირიქით, არ მალავენ სიხარულს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპონენტის დაკავების გამო.

საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის, მათ შორის იმათთვისაც კი, ვისაც ძნელია დააბრალო ნიკა გვარამიას თაყვანისმცემლობა, მათთვისაც საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება სასამართლოს მიერ გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენი.

თქვენთვის, როგორც იურისტისთვის, რამდენად სამართლიანად გამოიყურება ის განაჩენი, რომელიც საქალაქო სასამართლომ გვარამიას გამოუტანა?

- არის რამდენიმე მიზეზი რის გამოც ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ტოვებს პოლიტიზებული და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელების შთაბეჭდილებას იქამდე, ვიდრე დასაბუთებული განაჩენი გახდება ცნობილი.

ასეთი შთაბეჭდილება არა მხოლოდ საზოგადოებას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსაც რჩებათ. აშშ და ევროკავშირის ელჩების მხრიდან განაჩენის გამოცხადებას იმავე დღეს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

ნიკა გვარამიას საქმეზე შერჩევითი და პოლიტიზებული მართლმსაჯულების შთაბეჭდილების სამართლებრივ საფუძვლებზე რომ ვისაუბროთ, ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსში არის არაერთი ზოგადი ფორმულირების მქონე მუხლი, რომელიც დანაშაულად აცხადებს ქმედებას, თუმცა არ ჩანს კონკრეტულად რა ქმედება შეიძლება ჩათვალოს პროკურატურამ დანაშაულად. სამართლის ენაზე ამას ეწოდება კანონის განჭვრეტადობის პრობლემა.

ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსში არის არაერთი ზოგადი ფორმულირების მქონე მუხლი, რომელიც დანაშაულად აცხადებს ქმედებას, თუმცა არ ჩანს კონკრეტულად რა ქმედება შეიძლება ჩათვალოს პროკურატურამ დანაშაულად. სამართლის ენაზე ამას ეწოდება კანონის განჭვრეტადობის პრობლემა

ასეთი ბუნდოვანი ნორმების შემთხვევაში ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა წინასწარ არ ვიცით რა ქმედების ჩადენისთვის შეიძლება გვაგებინოს პასუხი სახელმწიფომ სისხლის სამართლის წესით.

ცნობილია, რომ მოსამართლემ ნიკა გვარამია სწორედ ასეთი, ბუნდოვანი მუხლის საფუძველზე გამოაცხადა დამნაშავედ და შეუფარდა საპატიმრო სასჯელი. იურისტები ასეთ მუხლებს „რეზინის მუხლებსაც“ უწოდებენ, რომელსაც თავისი ბუნდოვანების გამო იმდენად ბევრი ნაირსახეობის ქმედება შეუძლია მოიცვას, რომელსაც ადამიანი წინასწარ ვერ ივარაუდებს.

სწორედ ამიტომ არის რომ მთელი საზოგადოება დღეს განიხილავს იმას, სულაც დასჯადი უნდა იყოს თუ არა კერძო კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის პირადი მიზნებით გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსგავსი ქმედების გამო არც ერთი საჯარო მოხელის დასჯის ფაქტის შესახებ საზოგადოებას არ სმენია.

ამიტომ არის რომ მთელი საზოგადოება დღეს განიხილავს იმას, სულაც დასჯადი უნდა იყოს თუ არა კერძო კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის პირადი მიზნებით გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსგავსი ქმედების გამო არც ერთი საჯარო მოხელის დასჯის ფაქტის შესახებ საზოგადოებას არ სმენია

ამასთან, ყოველთვის, როცა სასამართლო განხილვის ეტაპზე მოსამართლე ცვლის პროკურატურის მიერ განსაზღვრულ დანაშაულის უფრო კონკრეტულ კვალიფიკაციას ბუნდოვანი კვალიფიკაციით, ცხადი ხდება, რომ ის დანაშაული არ არის ჩადენილი, რასაც პროკურატურა პირს ედავება, თუმცა მოსამართლე ცდილობს მაინც აგებინოს ბრალდებულს პასუხი, სხვა უფრო ზოგადი მუხლის კონკრეტულ ქმედებაზე მორგების გზით.

დანაშაულის კვალიფიკაციის ასეთი ცვლილება არაერთ გახმაურებულ საქმეზე მომხდარა და ესეც ამძაფრებს ეჭვებს მართლმსაჯულების შერჩევითობის შესახებ. ბოლო ასეთი გახმაურებული საქმე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთელის საქმეა.

სამართლებრივი საკითხია ასევე, რომ რასაც ნიკა გვარამიას ედავება სახელმწიფო, თავისი შინაარსით არის კერძო სუბიექტებს შორის სამოქალაქო სამართლის ფარგლებში გადასაწყვეტი დავა და სახელმწიფოს აქ რაიმე დაინტერესება არ შეიძლება ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ინტერესდება ამ საქმით და ახორციელებს დევნას, მაშინ როცა ძალიან ბევრი მართლაც საშიში დანაშაულების გამოძიება და დევნა ან გაჭიანურებულია ან რეაგირების გარეშეა დატოვებული.

მე პირადად მაქვს პროკურატურაში გაგზავნილი არაერთი საჩივარი „ქართული ოცნების“ მოქმედი თანამდებობის პირების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოძიების მოთხოვნით, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. არაერთი გახმაურებული საქმე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც გამოუძიებელია.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობა და პროპორციულობა ცალკე აჩენს სერიოზულ ეჭვებს. მუხლი შეიცავს სასჯელის სამ ალტერნატივას, გარდა საპატიმრო სასჯელისა. მიუხედავად ამისა მოსამართლემ ყველაზე მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გადაწყვიტა, ამასთან, მინიმუმზე მაღალი სასჯელი შეუფარდა, რაც თავად დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით არ აღძრავს ნდობას სასჯელის სამართლიანობის მიმართ.

ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობა და პროპორციულობა ცალკე აჩენს სერიოზულ ეჭვებს. მუხლი შეიცავს სასჯელის სამ ალტერნატივას, გარდა საპატიმრო სასჯელისა. მიუხედავად ამისა მოსამართლემ ყველაზე მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენება გადაწყვიტა, ამასთან, მინიმუმზე მაღალი სასჯელი შეუფარდა, რაც თავად დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით არ აღძრავს ნდობას სასჯელის სამართლიანობის მიმართ

არ ჩანს ნიკა გვარამიასთვის შერაცხილი ქმედების საზოგადოებისთვის იმგვარი საშიშროება, რომელიც აუცილებლად მოითხოვს მის იზოლაციას საზოგადოებისაგან. ამიტომ მგონია, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური შურისძიება და არა მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება.

- ფაქტია, რომ იურისპრუდენციაში გაურკვეველი ადამიანებისთვის გვარამიას საქმის იურიდიულ დეტალებში გარკვევა უჭირთ, მაგრამ, ის, რომ მომხდარში პოლიტიკური შემადგენელი საკმაოდ ბევრია, ეჭვს არ იწვევს.

ასეთ ფონზე აზრი ეკარგება იმაზე საუბარს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში რამდენიმე ტალღად ჩატარდა რეფორმა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აშშ-სა და ევროსტრუქტურების ყველა შეფასებებში ხაზგასმითაა საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ოპოზიციურად განწყობილ მედიას პრობლემები აქვს, ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსშიც პრაქტიკულად უკუსვლა გვაქვს.

თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ საქართველომ სულ ახლახან შეავსო ევროკავშირის კითხვარი, არის მოლოდინი, რომ მალე ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს, გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი ბევრისთვის გაკვირვებას იწვევს, რადგან მომხდარი არანაირად არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას, რისკენაც ჩვენი პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ.

გვარამიასთვის სასჯელის გამოტანის დროზე უამრავი მოსაზრება გამოითქმის. დაწყებული იქიდან, რომ საქართველო არა ევროკავშირში, არამედ საბჭოთა კავშირში ბრუნდება, დამთავრებული იმით, რომ ხელისუფლება შეგნებულად ეწევა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტაჟს, ან ამ ნაბიჯით ცდილობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ვაჭრობას.

ვხედავთ, რომ ხელისუფლების მიმართ ბრალდებები საკმაოდ მრავალფეროვანია. სავარაუდოდ, რომელი მათგანი გამოიყურება უფრო სარწმუნოდ და დამაჯერებლად?

- საერთაშორისო შეფასებებით, საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით გაუარესების ტენდენცია ფიქსირდება: მკვეთრად არის გაუარესებული მედიის თავისუფლების შეფასება, დემოკრატიულობის შეფასების მაჩვენებელი შემცირებულია, უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროკავშირის ელჩები განსაკუთრებულად მწვავე განცხადებებს ავრცელებენ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და პოლიტიზების, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით; კრიტიკა გამოითქმის მმართველი ხელისუფლების დასავლური კურსის მიმართ ერთგულების კუთხითაც.

დემოკრატიული განვითარების გაუარესებულ მაჩვენებელს ემატება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გასამართლება სუსტი და არადამაჯერებელი ბრალდებით, მის მიმართ ისეთი სასჯელის შერჩევა, რომელიც არა მხოლოდ სპეციალისტებში, ფართო საზოგადოებაშიც ნდობას არ იწვევს. ცხადია, ასეთმა ვითარებამ სერიოზული დაბრკოლება შეიძლება შეგვიქმნას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

დემოკრატიული განვითარების გაუარესებულ მაჩვენებელს ემატება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გასამართლება სუსტი და არადამაჯერებელი ბრალდებით, მის მიმართ ისეთი სასჯელის შერჩევა, რომელიც არა მხოლოდ სპეციალისტებში, ფართო საზოგადოებაშიც ნდობას არ იწვევს. ცხადია, ასეთმა ვითარებამ სერიოზული დაბრკოლება შეიძლება შეგვიქმნას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში

დღეს მოსამართლემ აზრი დაუკარგა დასაბუთებული განაჩენის გამოქვეყნებას. ასეთი არადამაჯერებელი კვალიფიკაციით და ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენებით მმართველი პარტიის ღია და ყველაზე ხმამაღალი ოპონენტის დასჯა უკვე საკმარისია ქვეყნის დასავლური კურსის დასაზიანებლად.

ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შეტანის პარალელურად, ასეთი არადემოკრატიული პროცესებით ქვეყნის მართვა მარწმუნებს, რომ მმართველი ხელისუფლება პატივს არ სცემს და არ უფრთხილდება ჩვენი საზოგადოების დასავლურ მისწრაფებას.

- მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კითხვარი შეავსო და ევროკავშირს გადასცა, ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე ყველაზე აქტუალური თემაა მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მოგეხსენებათ, დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ რა გადაწყვეტილებაც არ იქნება მიღებული, იგი პოლიტიკური იქნება. გადაწყვეტილება უფრო დადებითი იქნება, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ ევროპიდან არც თუ ისე იშვიათად გვესმის ხმები, რომ ამჯერად შესაძლოა კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღოს.

არადა, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო ორივე ქვეყანაზე საკმაოდ წინაც იყო თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მოლდოვის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს მიღებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის, რუმინეთის მოქალაქეობა.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო შესაძლოა გახდეს წევრობის კანდიდატი, მაგრამ ეს უფრო უკრაინაში მიმდინარე ომისა და დღევანდელი გეოპოლიტიკის დამსახურება იქნება, ვიდრე ჩვენი შიდა მზადყოფნის.

მიუხედავად ამისა, კითხვას ასე დავსვამ - სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი და მიიღებს თუ არა ახლო მომავალში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?

- დღესდღეობით საქართველოს კანდიდატის სტატუსს იმის გამო ხომ არავინ მიანიჭებს, რომ ის ევროკავშირში გაწევრების ყველა წინაპირობას ზედმიწევნით აკმაყოფილებს?! ცხადია, არა!

კანდიდატის სტატუსი საქართველოს შეიძლება მიანიჭონ ორი მიზეზით - შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და ქართული საზოგადოების და მმართველი ხელისუფლების მხრიდან მკაფიო დასავლური მისწრაფების დემონსტრირება. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს.

ის ფაქტი, რომ მმართველი პარტიის ოპონენტს, ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ნამდვილად არ მოწმობს დასავლურ მისწრაფებას, ხელისუფლება ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს.

ამასთან, გარდა იმისა, რომ წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს მოსაპოვებელი, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ შემდეგი ეტაპი წევრად მიღებაა და იქ დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ორმაგი პოლიტიკის წარმოებით ფონს ვერ გავა. წევრად მიღების პროცესის უსასრულოდ გაჭიანურება ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება.

გარდა იმისა, რომ წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს მოსაპოვებელი, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ შემდეგი ეტაპი წევრად მიღებაა და იქ დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ორმაგი პოლიტიკის წარმოებით ფონს ვერ გავა. წევრად მიღების პროცესის უსასრულოდ გაჭიანურება ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიოში გლობალური ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს ცვლილებები უკავშირდება იმას, რომ დასავლეთი უკრაინაში რუსეთის შეკავების პოლიტიკიდან გადავიდა რუსეთის დამარცხების პოლიტიკაზე.

თუ ჩვენი ხელისუფლების განცხადებებს გავიხსენებთ, სულ უფრო ცხადად და მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლა არა მარტო რუსეთის მიმართ იჩენს სიფრთხილეს, არამედ იმ გეგმების მიმართ ავლენს ერთდროულად დისტანცირებასა და სიფრთხილეს, რომელიც დასავლეთს აქვს რუსეთის მიმართ.

კარგია, რომ უკვე ვიცით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ესპანეთში დაგეგმილ ნატოს სამიტში, მაგრამ ფაქტია, რომ საშინაო პოლიტიკაში დრო და ენერგია იხარჯება ურთიერგანადგურებაზე, არა იმაზე, რომ მსოფლიოში მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე პოზიტიური დღის წესრიგის ირგვლივ მოხდეს საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია.

რჩება შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკურ ელიტას საჭირო ალღო, ამბიცია და სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვს.

სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ჩვენში ძირითადი პოლიტიკური ძალები აგრძელებენ ერთმანეთთან ბრძოლას, არ იხილავენ არც უკრაინაში მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარებს და არც, იმას, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ?

- ჩემი აზრით, პოლიტიკურ პოლარიზაციას და დაპირისპირებას იწვევს სწორედ არადემოკრატიული მართვის ცალკეული შემთხვევები, როცა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საზოგადოება, უყურადღებოდ ვერ დატოვებს უფლებების დარღვევის, შერჩევითი მართლმსაჯულების, კორუფციის ფაქტებს თუ ანტიდასავლურ სიგნალებს რაც მმართველი პარტიის მხრიდან მოდის.

საზოგადოებას და ოპოზიციურ სპექტრს ყოველდღიურად უწევთ შეაფასონ, გააპროტესტონ და გამოეხმაურონ სავარაუდო დარღვევები. ამ ვითარებაში სისტემური რეფორმების და პოლიტიკის საკითხებზე მუშაობისთვის ნაკლები დრო რჩება, ხოლო მმართველ ხელისუფლებასა და ოპოზიციას თუ საზოგადოებას შორის მთავარ საკითხებზე თანამშრომლობის ადგილი სულ უფრო ნაკლებია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა