ივანე ჩხაიძის განცხადებით, აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა, რომელიც მსოფლიოს 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში ასეთი 450 შემთხვევაა გამოვლენილი.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა ბავშვებში ღვიძლის დაზიანებას იწვევს.

“1-ელ ოქტომბერს აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკა არის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე. 450 შემთხვევა არის სულ მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული. ყველაზე მეტი შემთხვევა არის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. 450 შემთხვევიდან არის გარდაცვალების შემთხვევები და არის მძიმე მიმდინარეობაც, როდესაც საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა. ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია. არცერთი შემთხვევა, რომელიც ამ 450 შემთხვევაში შედის, არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74% არის ადენოვირუსი,ხოლო შემთხვევების 20%-ში ასევე ნანახია კორონავირუსით ინფიცირება. დღეს პასუხი, თუ რა იწვევს ამ შემთხვევებს, არ არსებობს. რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა ამ პროცესში კორონავირუსმა გარკვეული როლი ითამაშა და ღვიძლის დაზიანება განაპირობა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ამჟამად „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ სწავლობს, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევები კორონავირუსს.

„მსოფლიოში 450 შემთხვევა ძალიან მაღალი არ არის. ასევე ითვალისწინებენ იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ასეთი შემთხვევები გაცილებით უფრო მეტი იყოს და მათი იდენტიფიცირება არ მოხდა. ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ დაფიქსირებულა. სულ მსოფლიოს 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებული არ არის. საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ამ მონაცემებით ამაზე საუბარი ადრეა. საუბარია, ოქტომბრიდან დღემდე განვითარებულ პერიოდზე. ამ ჰეპატიტის მართვას უმრავლეს შემთხვევაში განსაკუთრებული მედიკამენტი არ სჭირდება. ერთი, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო