ივანე ჩხაიძე - როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, საუბარი იმაზე, რომ პანდემიის დასრულებას მოვახერხებთ, ძალიან ნაადრევია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობა დაბალია, ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა პანდემიის დამარცხებას შეძლებს.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, პანდემიის დასრულების თაობაზე განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გლობალურად გაუმჯობესების ფონზე მიიღებს.

„პანდემიის მიმდინარეობა ქვეყანაში მკვეთრად შემცირებული და რაც მთავარია, სტაბილურია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შემთხვევების მატება ახლა მიმდინარეობს. ასეთი ქვეყნებია როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. ჯამში, 60-დან 70-მდე ქვეყანაა, სადაც პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მაშინ, როდესაც არათანაბარი მდგომარეობა გვაქვს, საუბარი ერთ რომელიმე ქვეყანაში პანდემიის დასრულებაზე ნაადრევია. ალბათ, ეს არის დამოკიდებული გლობალურ შეფასებაზე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი, როგორც პანდემიის გამოცხადებაზე, ასევე პანდემიის დასრულებაზე. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გლობალურად გაუმჯობესების ფონზე, ამ განცხადების გაკეთება შეიძლება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, რომელსაც არც გადატანილი აქვს კორონავირუსი და არც ვაქცინირებულია. ზუსტი ციფრის დასახელება რთულია, მაგრამ მათი რაოდენობა შესაძლებელია 500 ათასიდან 1 მილიონამდე იყოს, ამიტომ, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, საუბარი იმაზე, რომ პანდემიის დასრულებას მოვახერხებთ, ძალიან ნაადრევია“,-განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეხება კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, ივანე ჩხაიძის თქმით, „არსებობს რისკი, რომ ეს ვარიანტები საქართველოშიც გამოჩნდეს“.

„ამ ჯგუფში რამდენიმე კვირის წინ 5 ვარიანტი იყო, მათ შორის საქართველოსთვის კარგად ცნობილი „ალფა“, რომელმაც 20021 წლის მაისში ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა გამოიწვია. „დელტა“ ვარიანტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მეოთხე და მეხუთე ტალღაზე და ყველაზე მძიმე ინფიცირების გამომწვევი „ომიკრონი“. სულ რამდენიმე კვირის წინ ეს კლასიფიკაცია შეიცვალა, დარჩა მხოლოდ ორად ორი ვარიანტი- „დელტა“, რომელიც ჯერ კიდევ ფიქსირდება რამდენიმე ქვეყანაში და „ომიკრონი“, ოღონდ „ომიკრონის“ ქვევარიანტები. სწორედ ეს არის ახლა მნიშვნელოვანი, „ომიკრონი“ თავისი მრავალრიცხოვანი ქვევარიანტებით წარმოადგენს რეალურ საფრთხეს ინფიცირების ახალი ტალღის დაწყებისთვის“,-განაცხადა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

„ჩვენ დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 44%. შესაბამისად, ფაქტია, რომ ვერ მივაღწიეთ სამიზნე მაჩვენებელს. ჩვენი სამიზნე არის ზაფხულისთვის 70%-იანი ზღურბლის მიღწევა. თუ შევხედავთ, რამდენი ადამიანი იცრება ყოველდღიურად, ეს მიზანი ვერ მიიღწევა“,-განაცხადა ჩხაიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება