მეუფე შიო - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიწმინდე შევინარჩუნოთ, რადგან ხელყოფა ოჯახისა, ეს არის ხელყოფა და გადაშენება ერისა - როგორიც არის ოჯახის მდგომარეობა, ისეთია ერის მდგომარეობაც

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში იქადაგა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ოჯახის სიწმინდე შეინარჩუნოს.

მისი შეფასებით, როგორიც არის ოჯახის მდგომარეობა, ისეთივეა ერის მდგომარეობაც.

„გილოცავთ, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ამ შესანიშნავ დღესასწაულს, ბედნიერ დღეს. ძალიან ამაღლებული განწყობით ვართ ყველა. კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ოჯახის სიწმინდეზე, რომ ეს არის ღვთის მიერ მოცემული ნიჭი, ღვთისგან დადგენილი ცხოვრებისა და ყოფიერების წესი. ამიტომ ჩვენ, როგორც უკვე ვთქვით ქაშუეთის ტაძართან, როდესაც ვსაუბრობთ ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ღირებულება - ოჯახური ფასეულობა და ოჯახური ცხოვრება - ტრადიციულია არა იმ გაგებით, რომ ჩვენი წინაპრების მიერ შეთხზული და დადგენილია, არამედ ტრადიციულია იმ გაგებით, რომ ტრადიციის წყარო და საწყისი არის თავად ყოვლადწმინდა სამება.

აი, ამიტომ არის ეს ძვირფასი ჩვენთვის და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიწმინდე შევინარჩუნოთ, რადგან ხელყოფა ოჯახისა, ეს არის ხელყოფა და გადაშენება ერისა; როგორიც არის ოჯახის მდგომარეობა, ისეთია ერის მდგომარეობაც.

ამიტომ უფალმა ინებოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, ჩვენს ერში ოჯახის აღორძინება და გადარჩენა, ჩვენი ერი გამთლიანება და გადარჩენა, ამინ!

ქრისტე აღდგა! ახლა თქვენ გექნებათ საშუალება, ემთხვიოთ წმინდა დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილს და დავით გარეჯელის მიერ მობრძანებულ მადლის ქვას. ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს