„ოყურეშის უსახელოური“ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსს იძენს

საქართველოში რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრს მალე „ოყურეშის უსახელოური“ დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში - „საქპატენტი“ ღვინის ახალი ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციის პროცედურა ბოლო ეტაპზეა.

„2021 წლის 20 სექტემბერს, საქპატენტს ახალი ადგილწარმოშობის დასახელების „ოყურეშის უსახელოურის“ რეგისტრაციის მოთხოვნით, უსახელოურის ვაზისა და ღვინის დაცვის ასოციაციამ მიმართა. პროცედურის თანახმად, ექსპერტიზის განხორციელების შემდგომ, აღნიშნული ღვინის სპეციფიკაცია უნდა გამოქვეყნდეს ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ ბეჭდურ მედიაში, რომელიც ვრცელდება ღვინის წარმოებისთვის განსაზღვრულ გეოგრაფიულ ადგილსა და ზონებში. ოყურეშის უსახელოურის მიკროზონა მდებარეობს რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში. მიკროზონა მოიცავს მდ. ცხენისწყლის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ფერდობებზე შეფენილ სოფლებს: ზუბს, ისუნდერს, ოყურეშს, ოფიტარას, ლაძგვერიას და მახურას, ზღვის დონიდან 350–650 მ სიმაღლეზე.

პროცედურის ბოლო ეტაპი ითვალისწინებს, სპეციფიკაციის გამოქვეყნებას სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენში. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით საქპატენტში არ შემოვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია, ადგილწარმოშობის დასახელებაზე „ოყურეშის უსახელოური“ გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და მონაცემები განთავსდება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში. აღნიშნულით დადასტურდება „ოყურეშის უსახელოური“ განსაკუთრებულობა, რომელიც განპირობებულია გეოგრაფიული არეალითა და ზონით, ყურძნის დამუშავებით, ღვინის დამზადების წესით, კავშირით ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის და სხვა მახასიათებლებით.

„ოყურეშის უსახელოური“ მუქი ალუბლისფერი შეფერილობისა და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ღვინოა, რომელიც უსახელოურის ჯიშის ყურძნისგან მიიღება. ის შაქრიანობის მიხედვით სამ სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი. მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს, ხოლო სანედლეულო ბაზის სიმცირე და ღვინის დიდი პოპულარობა განაპირობებს მის გამორჩეულად მაღალ საბაზრო ღირებულებას.

ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის სახელი რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 34 ადგილწარმოშობის დასახელება და 23 გეოგრაფიული აღნიშვნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა