საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისა და საქართველოში იაპონიის ელჩის, იმამურა აკირას შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი, სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი, გრანტების მომსახურების ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დეკანი თამარ ლომინაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ საქართველოში იაპონიის ელჩს გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, ესაუბრა იმ კონტაქტებსა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონიასთან აკავშირებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ასწლოვანი ისტორიის მქონე უმაღლესი საინჟინრო სკოლაა, რომელსაც იაპონიასთან აკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტთან (SOKENDAI) ურთიერთთანამშრომლობის სამი მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. მემორანდუმები მოიცავს სოკენდაის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავებისა და თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ისეთ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოსთვის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორთან და COMET- ექსპერიმენტის მენეჯერთან სატოში მიჰარასთან. ჩვენი მეცნიერები მოღვაწეობენ იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციაში. ვფიქრობ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ბატონო ელჩო, კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ სტუ-ის რექტორს, დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ არაერთი პროექტი განხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საელჩოს ურთიერთთანამშრომლობით.

„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით. როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენ თქვეს ქვეყანას ვუჭერდით მხარს, რაც დღემდე გრძელდება. 600-ზე მეტი ქართველი იყო მიწვეული იაპონიაში, რათა მათ გაევლოთ ტრენინგი, ასევე ვახორციელებთ არაერთ საგრანტო პროექტს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მეტი ადამიანი მივიწვიოთ საქართველოდან იაპონიაში და - პირიქით. ძირითადად აუცილებელია იაპონური ენის ცოდნა, ამიტომ ბევრი დაინტერესებული პირი არ არის ჩართული იმ პროექტებში, რასაც იაპონიის მთავრობა ახორციელებს“, - განაცხადა საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში იაპონიის ელჩს გააცნო უნივერსიტეტის პოზიცია. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა ადგილობრივ ბაზაზე შეიქმნას იაპონური ენის, კულტურისსა და განათლების ცენტრი, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტს აქვს 10-წლიანი გამოცდილება ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მაგალითზე. იმამურა აკირამ მზადყოფნა გამოთქვა უნივერსიტეტთან ამ იდეის განსახორციელებლად თანამშრომლობისთვის.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში იაპონიის ელჩს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიული კომპლექსის მუშაობა გააცნო. ელჩს ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ზვიად წამალაიძე.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოში იაპონიის ელჩი მიიწვია ოქტომბრის თვეში უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. თავის მხრივ, მისმა აღმატებულება იმამურა აკირამ პროფესორი დავით გურგენიძე იაპონურ ფესტივალზე მიიწვია, რომელიც აგვისტოს თვეში საქართველოში გაიმართება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები მიწვეულნი არიან იაპონიაში SOKENDAI-ს უნივერსიტეტში. ვიზიტი სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია