ილია დარჩიაშვილი - ჩვენი მოლოდინია, საქართველომ მიიღოს ის შედეგი, რასაც ვიმსახურებთ და რის საშუალებასაც გვაძლევს ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას ემსახურება და დროულია იმ ფონზე, როდესაც საქართველო ელოდება თვითშეფასების კითხვარის განხილვას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსაზრებით, საქართველოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ძალისხმევა და გატარებული რეფორმები სათანადოდ იქნება ასახული გადაწყვეტილებაში.

მისი შეფასებით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ევროპული საბჭოსა და ევროპული პარლამენტის პრეზიდენტებთან ძალიან დადებითი და დროული იყო.

„პრეზიდენტი შარლ მიშელი გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განვითარების სცენარებზე არ გვისაუბრია, ვინაიდან, ეს ფართო განხილვის საგანია, თუმცა ჩვენი მოლოდინებია, რომ საქართველომ მიიღოს ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ, რომლის საშუალებასაც ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი გვაძლევს. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის საუბარი, რომ სამი ასოცირებული ქვეყნის ერთიანობა, მათთვის წახალისების მიღება ევროპული ინტეგრაციის გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება შეხვედრას ევროპული პარლამენტის პრეზიდენტთან, ის იყო ძალიან საინტერესო და პოზიტიური. ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ღიად საუბრობს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც და აღინიშნა, რომ ევროპული პრიზმიდან ეს გამოწვევები კარგად დანახული და გაანალიზებულია.

მინისტრის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს