ლაქტაცია, ძუძუთი კვების ხელშეწყობა და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული წიგნები - ამ თემებს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრო.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე ახალი საინფორმაციო ბროშურა წარადგინეს, სადაც საუბარია ძუძუთი კვების ხელშეწყობასა და ლაქტაციის დროს დედის კვებაზე. გამოცემის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას ძუძუთი კვების მნიშვნელობა.
„შეხვედრაზე ასევე მოეწყო 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული წიგნების გამოფენა.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: პედიატრები, ნეონატოლოგები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები, პედიატრთა აკადემიის, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.