გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს

სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების თავისებურებებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ როგორ ვითარდება ურთიერთობები ბაქოსა და ერევანს შორის, ასევე ერევანსა და ანკარას შორის, რა ვითარებაა მთიან ყარაბაღში და რა შთაბეჭდილება დარჩათ ერევანში მოსკოვში გამართულ უსაფრთხოების ორგანიზაციის ბოლო სხდომაზე, “ინტერპრესნიუსი“ სომეხ პოლიტოლოგს, გაგიკ ავაკიანი ესაუბრა.

- ბატონო გაგიკ, 25 აპრილიდან ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ერევანში ოპოზიციის საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიტინგები იმართება. აქციის მონაწილეებმა გუშინაც გადაკეტეს ერევნის ცენტრალური ქუჩები. აქციების ორგანიზატორია სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია „სომხეთის“ თავმჯდომარე იშხან საგატელიანი.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერევანში ოპოზიციის აქტივობას?

- ჩემი აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კრემლის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ იგი ახლა ცდილობს ხელი ყველა ღილაკს დააჭიროს. დრომ აჩვენა, რომ სომხეთთან მიმართებაში კრემლმა წითელ ღილაკსაც დააჭირა ხელი, მაგრამ როგორც გაირკვა, ერევანთან კრემლის დამაკავშირებელი სადენები ისე კარგად არ მუშაობს, როგორც ადრე.

თუმცა, როგორც ჩანს, ნახსენები სადენები მაინც მუშაობს და კრემლი სომხეთში თავის გოშია ძაღლებს იმდენად აყეფებს, რამდენადაც ამ ძაღლებს შეუძლიათ ყეფა. მოკლედ ასე შეიძლება ითქვას, სომხურ პოლიტიკაში მოქმედი კრემლს დაქვემდებარებული აქტორები ცდილობენ სომხეთში პოლიტიკური სიტუაციის არევას.

კრემლი სომხეთში თავის გოშია ძაღლებს იმდენად აყეფებს, რამდენადაც ამ ძაღლებს შეუძლიათ ყეფა. მოკლედ ასე შეიძლება ითქვას - სომხურ პოლიტიკაში მოქმედი კრემლს დაქვემდებარებული აქტორები ცდილობენ სომხეთში პოლიტიკური სიტუაციის არევას

კრემლის სომხური გეგმები ემთხვევა მისივე ადგილობრივი დასაყრდენების გეგმებს. ასეა, რადგან ფაშინიანის ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს სომხეთის წინა ხელისუფლებების მიერ მოპარული ქონებების ექსპროპრიაციას. ისინი კი ქუჩაში ხალხის გააქტიურებით ცდილობენ მათ მიერვე მოპარული ქონებების დაცვას.

კოჩარიანისა და სარგსიანის კლანებს, ვინც სომხეთს 20 წელი მართავდა და ძარცვავდა ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ასეა, მათ პარლამენტში ჰყავთ ორი ფრაქცია და ისინი ქუჩაშიც აქტიურობენ. უნდა ითქვას, რომ ქუჩაში ხალხის აქტიურობის პროცესში სარგსიანზე მეტად კოჩარიანი უფრო აქტიურობს.

კოჩარიანისა და სარგსიანის აქტივოვები იმდენად პრიმიტიული და ამაზრზენია, ბევრი იმასაც კი ამბობს, რომ ისინი ფაშინიანთან შეთანხმებულადაც კი მოქმედებენ. ასეთი მოსაზრებები იმის გამო გაჩნდა, რომ ვიდრე სომხეთში ასეთი ოპოზიციაა, ფაშინიანის ხელისუფლებას აბსოლუტურად არაფერი არ ემუქრება.

ვიდრე სომხეთში ასეთი ოპოზიციაა, ფაშინიანის ხელისუფლებას აბსოლუტურად არაფერი არ ემუქრება

- სწორად გავიგე - ოპოზიციის ქუჩაში აქტიურობის შედეგად სომხეთში ხელისუფლების ცვლილება მოსალოდნელია არაა...

- დიახ ასეა. ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც ახლა ერევნის ქუჩებში აქტიურობს და ვინც მათ უკან დგას, მათ მიმართ საზოგადოებას იმდენად დიდი მიუღებლობა აქვს, რომ ისინი სომხეთში ხელისუფლებას ვერ შეცვლიან.

- აქციების ორგანიზატორთა და მონაწილეთა მტკიცებით ფაშინიანის მთავრობის პოლიტიკა მთიანი-ყარაბაღის რესპუბლკის არსებობას უქმნის საფრთხეს.

მთიანი ყარაბაღის საკითხი ბრიუსელში ევროკავშირის მოდერაციით ალიევსა და ფაშინიანს შორის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა. პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთმანეთთან მიმართებაში ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვთ. იმავე შეთანხმებაში კიდევ ბევრ რამეზეა საუბარი, მაგრამ, ფაქტია, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხს ბაქოცა და ბრიუსელიც გადაწყვეტილად მიიჩნევს...

- ბრიუსელის შეთანხმებაში მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არაა. მაგრამ, ახლა საქმე სხვა რამეშია, ფაშინიანის ოპონენტებს სომხეთის ხელისუფლების მიმართ მხოლოდ ყარაბაღის თემაზე შეუძლიათ საუბარი.

იმას ხომ ვერ იტყვიან, რომ ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნება, რომ ებრძოლონ კორუფციას, ვერ იტყვიან, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა უნდათ, რადგან მათი მმართველობისას სამართლიანობის ნაცვლად ქვეყანაში სრული განუკითხაობა და უკანონობა სუფევდა.

გარდა ამისა, კოჩარიან-სარგსიანის ტანდემს არც იმის თქმა არ შეუძლიათ, რომ უნდათ სომხეთში კრემლის გავლენების გაძლიერება, რადგან ხალხს კარგად ახსოვს, რომ სწორედ ყარაბაღის საკითხში რა როლი შეასრულა კრემლმა.

კოჩარიან-სარგსიანის ტანდემს არც იმის თქმა არ შეუძლიათ, რომ უნდათ სომხეთში კრემლის გავლენების გაძლიერება, რადგან ხალხს კარგად ახსოვს, რომ სწორედ ყარაბაღის საკითხში რა როლი შეასრულა კრემლმა

ხალხს ისიც კარგად ახსოვს, კოჩარიან-სარგსიანის მმართველობისას ისინი როგორ კი არ ყიდდნენ, არამედ უთმობდნენ ან აძლევდნენ კრემლს ყველაფერს.

- თქვენ მხედველობაში გაქვთ ის, რომ რუსეთის პრაქტიკულად ყველა რესურსი, ქარხნები, ფაბრიკები და სხვა სამრეწველო რესურსები ახლა რუსული სახელმწიფოსა და რუსი ბიზნესმენების ხელშია?

- დიახ, ვგულისხმობ ყველანაირ რესურსებს ქვეყნის. საქმე იმაშია, რომ სომხეთის ეს რესურსები რუსეთს არც უყიდია, კოჩარიანისა და სარგსიანის ხელისუფლებებმა რუსეთს გადასცეს ყველაფერი იმ მოგონილი ვალების სანაცვლოდ, რომელიც თითქოს სომხეთს რუსეთის მართებდა.

ასე ხდებოდა კოჩარიან-სარგსიანის 20 წლიანი მმართველობისას იმის სანაცვლოდ, რომ კრემლი მხარს უჭერდა მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. სომხეთში ქარხნები ადრე იქნა განიავებულ-გაძარცული. მათ დროს რუსეთზე იქნა გადაცემული ქვეყნის პრაქტიკულად ყველა კომუნიკაციის სისტემები, ენერგო კომპლექსები, ყველა სახის სადენები და სტრატეგიული ობიექტები.

- ბრიუსელის შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის შეიქმნებოდა ევროკავშირის ეგიდით ახალი ფორმატი.

ეს ფორმატი შექმნილია თუ არა და მუშაობს თუ არა იგი?

- ევროკავშირის ეგიდით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატის შესაქმნელად მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერჯერობით არ შექმნილა. მისი შექმნით კრემლი რეალურად დაკარგავდა სამხრეთ კავკასიაში პროცესების მართვის ბერკეტებს.

მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის ეგიდით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი არ შეიქმნას. იგი ამას ერევანში იმ აქციებითაც ახერხებს, რომლის ორგანიზატორები კოჩარიან-სარგსიანი გუნდები არიან.

რუსეთი სომხეთში იმ ეკონომიკურ ბერკეტებსაც კარგავს, რომელთა უდიდესი ნაწილი წინა ხელისუფლებებთან დაახლოებული კლანების ხელშია.

- ბრიუსელი შეთანხმება ითვალისწინებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დემარკაციის პროცესის დაწყებას. ამ მიმართულებით თუა დაწყებული მუშაობა?

- ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე მუდმივად საუბრობენ, მაგრამ ჯერჯერობით რეალურად არც არაფერი ხდება და არც არაფერი კეთდება. ბრიუსელის შეთანხმების შესრულება იმ შემთხვევაშიც არ იქნება მარტივი, თუ ამ პროცესის დასაწყებად კარგი საგარეო ფონი იარსებებს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ევროკავშირის ეგიდით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასაწყები პროცესის პარალელურად კრემლი ცდილობს სომხეთის საშინაო პოლიტიკაში სასარგებლო პროცესის მართვას, მაგრამ ახლა რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს

- იყო მოლოდინი, რომ ბრიუსელში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებების შემდეგ დაიწყებოდა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება.

მეტიც, არა მარტო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე იყო საუბარი, არამედ იმაზეც, რომ გაიხსნებოდა ახალი სატრანსპორტო კორიდორები. თურქეთსა და სომხეთს ურთიერთობებში რამე საინტერესო ხდება?

- არა, ამის მსგავსი არაფერი ხდება. აფრიკულ ბაზრებში გამყიდველების ძველი თამაში „მოატყუე თეთრი“, გრძელდება. ასეთ თამაშს თამაშობენ ევროკავშირის წინაშე თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

ევროკავშირი კი ამ პროცესების შემხედველი ამბობს - თუ თქვენ ასე გინდათ - კი ბატონო. პროცესი გაჩერებულია და არც არაფერი არ ხდება.

- ანუ, თურქეთ-სომხეთის საზღვარი როგორც აქამდე იყო დახურული, ისევ ისეა დახურული?

- დიახ ასეა. ამ მიმართულებითაც რეალურად არაფერი ხდება.

- თქვენი ინფორმაციით მთიან ყარაბაღის იმ ნაწილში, სადაც სომხური მოსახლეობა ცხოვრობს ახლა რა ვითარებაა, რამდენია მოსახლეობა და ასე შემდეგ?

- ახლა მთიან ყარაბაღში დაახლოებით 100 ათასი სომეხი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებას ერევანი და ადგილობრივი მოსახლეობა აფინანსებს. მაგრამ მათი ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი ერევნიდან მიღებულ დახმარებებზე მოდის.

ევროკავშირის ეგიდით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასაწყები პროცესის პარალელურად კრემლი ცდილობს სომხეთის საშინაო პოლიტიკაში სასარგებლო პროცესის მართვას, მაგრამ ახლა რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთში მის მიერ წარმოებული პოლიტიკა წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს

მათ შემოსავლის თავისი წყაროებიც აქვთ, მაგრამ სომხეთის ხელისუფლება იმ მოქალაქეებს ეხმარება, ვინც სახლ-კარი და სამუშაო ადგილები დაკარგა. მთიანი ყარაბაღი დღეს ახალი რეალობების გათვალისწინებით ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებს ცხოვრებას.

- უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ საქართველოში საკმაოდ ბევრი რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ჩამოვიდნენ.

თქვენთან რა მდგომარეობაა ჩამოსული მოქალაქეების თვალსაზრისით?

- ჩვენთან იმაზე მეტი მოქალაქეა ჩამოსული რუსეთიდან ვიდრე თქვენთან. სომხეთში თავიდან ჩამოვიდა და გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა 80-დან 100 ათასამდე რუსეთის მოქალაქე. მათი ნაწილი სომხეთში იმისთვის ჩამოვიდა, რომ შემდეგ საქართველოში ან სხვა ქვეყნებში გამგზავრებულიყვნენ.

ახლა სომხეთში მინიმუმ რუსეთის 60 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს. მათგან საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ სომხეთში დარჩება.

- უკრაინიდან თუ არიან თქვენთან ჩამოსულები?

- კი არიან, მაგრამ არც ისე ბევრი. უფრო არიან უკრაინელები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა. მათი უმრავლესობა საკმაოდ აქტიურად ჩაერთო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ისინი ერევანში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან ყოველ კვირას იკრიბებიან და მართავენ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს. ამ აქციებს რუსეთის სხვა, ეროვნებით რუსი მოქალაქეები უერთდებიან და აქტიურადაც მონაწილეობენ.

ისინი ასევე ხშირად ატარებენ საპროტესტო აქციებს ერევანში რუსეთის საელჩოსთან. ამ პროცესებში აქტიურადაა ჩართული სომხეთის ევროპული პარტია, რომელსაც ტიგრან ხეზმოლიანი ხელმძღვანელობს

- მოსკოვში დსთ-ს ფარგლებში მოქმედი უსაფრთხოების კოლექტიური ორგანიზაციის სხდომა გაიმართა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტებმა მათი აზრით აქტუალურ თემებზე იმსჯელეს.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მოსკოვში გამართულმა ამ შეხვედრამ?

- უსაფრთხოების კოლექტიური ორგანიზაცია ყოველთვის განიხილებოდა, როგორ მკვდრადშობილი ბავშვი. ამ ორგანიზაციის ფარგლებში განვლილ წლებში ბევრი უცნაური და გაუგებარი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ ორგანიზაციის შექმნას მასში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტები განიხილავდნენ, როგორც რუსეთის ჟინიან ახირებას.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ დსთ-ს ფარგლებში შექმნილი უსაფრთხოების კოლექტიური ორგანიზაცია „ფეიკი“ იყო. ის რომ არც იგი არაფერი ორგანიზაცია იყო, კარგად გამოჩნდა სომხეთთან მიმართებაში. მხედველობაში მაქვს ყარაბაღის გამო ბოლო ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

ახლა მთიან ყარაბაღში დაახლოებით 100 ათასი სომეხი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებას ერევანი და ადგილობრივი მოსახლეობა აფინანსებს. მაგრამ მათი ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი ერევნიდან მიღებულ დახმარებებზე მოდის

ამ ომის დროს უსაფრთხოების კოლექტიური ორგანიზაცია ისე მოიქცა, როგორც სამი მაიმუნის სუვენირი. ნანახი ექნებათ ეს სუვენირები. ერთ მაიმუნს ხელები თვალებზე აქვს აფარებული, მეორეს ყურებზე, მესამეს კი პირზე, რაც ნიშნავს - ვერ ვხედავ, არ მესმის და არც ვლაპარაკობ.

და ეს მაშინ, როცა, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანას სომხეთს ომი ჰქონდა ამ ორგანიზაციის არაწევრ ქვეყანა აზერბაიჯანთან. ამიტომ, უსაფრთხოების კოლექტიური ორგანიზაციის სხდომის ამ ბოლო კლოუნადას სიამოვნებით ვადევნებდი თვალს, რადგან იგი კვდომის პროცესშია.

მოსკოვში გამართული უსაფრთხოების კოლექტიური ორგანიზაციის ბოლო სხდომა გახლდათ ამ ორგანიზაციის გასვენების გენერალური რეპეტიცია

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოსკოვში გამართული უსაფრთხოების კოლექტიური ორგანიზაციის ბოლო სხდომა გახლდათ ამ ორგანიზაციის გასვენების გენერალური რეპეტიცია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა