რეგიონული პოლიტიკისა და  თვითმმართველობის კომიტეტმა კანონპროექტს, რომელიც საკრებულოს გამოკლებული მაჟორიტარის უფლებამოსილების, საკრებულოს ნაცვლად, ცესკოს მიერ ცნობას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა კანონპროექტს, რომელიც შუალედურ არჩევნებს ეხება და საკრებულოს გამოკლებული მაჟორიტარის უფლებამოსილების, საკრებულოს ნაცვლად, ცესკოს მიერ ცნობას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დაისვა საკითხი, თუ რატომ ვრცელდება ცვლილება მხოლოდ შუალედურ არჩევნებით არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატზე და არა ყველა მაჟორიტარზე და პროპორციულ სიაში მყოფ პირებზე, როცა მათი ლეგიტიმაცია ერთნაირია. როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა შესაძლებელია და თუკი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში პირველი მოსმენის დროს შესაძლებელია აისახოს.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი "ქართული ოცნების" პარტიულ მიზნებს ემსახურება და ამ გზით ხელისუფლება ბათუმის საკრებულოში შექმნილი კრიზისის დაძლევას ცდილობს, სადაც შუალედურ არჩევნებში არჩეული "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება, მაშინ როცა მსგავსი ვითარებაა სენაკის საკრებულოშიც.

„ეს ნათელი მაგალითია, როგორ შეიძლება მმართველმა პარტიამ კანონი მოარგოს საკუთარ ინტერესებს. რატომ ვრცელდება ეს ცვლილებები მხოლოდ შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარულად არჩეულ პირებზე, მაშინ გავავრცელოთ ყველაზე, მსგავსი პრობლემა დგას სენაკის საკრებულოში, სადაც უკვე "ქართული ოცნების" მხრიდან არ ხდება უფლებამოსილების ცნობა ოპოზიციურად არჩეული კანდიდატის, საკრებულო არის ჩიხში და არის დაშლის პირას, იგივე პრობლემა დგას, რაც არის ბათუმში, ამ კანონპროექტით კი ცდილობთ ბათუმის საკრებულო გამოიყვანოთ ჩიხიდან და ეს საკანონმდებლო ცვლილებები მოარგოთ, იგივე პრობლემას კი სენაკში ტოვებთ და უშვებთ, რომ ამის გამო სენაკში საკრებულო შეიძლება დაიშალოს. ჩემი წინადადება იქნება, თუ ამ ცვლილებებზე მიდიხართ, სამართლიანობის პრინციპი იყოს და გავრცელდეს ეს მთლიანად საკრებულოს შემადგენლობაზე,"- განაცხადა წითლიძემ.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატს უფრო მაღალი ცნობადობა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატს, ლეგიტიმაცია ეჭვ ქვეშ არ დგება არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ მის შენიშვნას მოინიშნავს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის გამოტანამდე ამაზე იმსჯელებენ. ამასთან, მოუწოდა წითლიძეს საკუთარ თანაპარტიელებსაც მოუწოდოს, რომ ნუ ხელმძღვანელობენ პარტიული ინტერესით, როცა ბათუმის საკრებულოს ფუნქციონირებას ხელს უშლიან.

„სენაკის საკრებულო ახსენეთ, სადაც იგივე მდგომარეობაა, ოღონდ იქ საუბარია პროპორციული სიით ჩანაცვლებულ წევრზე, ჩვენ კიდევ გვექნება განხილვა იურიდიულ კომიტეტზე, მოვინიშნავ ამ საკითხს და იქამდე ჩვენ კიდევ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, რაც თქვენ დააყენეთ, პროპორციული წესით გამოტოვებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, მმართველი გუნდის ინიციატივა შუალედური არჩევნების შედეგად მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას ეხება, კერძოდ, საკრებულოს გამოკლებული მაჟორიტარის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად, ცესკო ცნობს. კანდიდატის უფლებამოსილება ცესკო- ს მიერ საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე- 11 დღეს იქნება ცნობილი. შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შედის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა