ლევან დავითაშვილი - ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მათი აქტიურობა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრთან ერთად შეხვედრას მისი მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და ნინო ენუქიძე და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამები განიხილეს.

ვიცე-პრემიერმა და მოწვეულმა სპიკერებმა ფედერაციის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, უცხოური ინვესტიციების მეტად წახალისების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. შენიშვნები, რომლებიც დღეს ამ კუთხით არსებობდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მათი აქტიურობა და შეიძლება ფედერაციასთან ერთად ძალიან საინტერესო ინიციატივებსა და პროექტებზე ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ბიზნესმენ ქალებს მათთვის საინტერესო, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ 75 წევრს აერთიანებს, ის მულტი-დარგობრივია და ეკონომიკის არაერთ სექტორს მოიცავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა