საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

მინისტრმა საუბრისას ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან წარმატებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ამერიკულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და უსაფრთხოების გარემოს შესახებ იმსჯელეს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, თავდაცვის სფეროში ორმხრივ კონსულტაციებს წელს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერი თანათავმჯდომარეობდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამასთან, აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

ასევე, კონსულტაციების დასრულების შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა აშშ-საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ორმხრივ კონცეფციას მოაწერეს ხელი. უწყების ცნობით, აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი მიზნად ისახავს, განსაზღვროს ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი ინიციატივის მიმართულებები მომავალი წლებისთვის.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის.

ცნობისათვის, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მაღალი დონის ორმხრივი კონსულტაციები ყოველწლიურად ტარდება. კონსულტაციების ფორმატი ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრასა და გადახედვას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა