პაატა ზაქარეიშვილი - მთელი ძალაუფლება "ქართული ოცნების" ხელშია და ტიროდეს, ოპოზიცია ხელს მიშლისო, მიუღებელია - ბუნებრივია, ხელისუფალი უნდა აკრიტიკო, სულიწმიდით არ არის დანიშნული

მთელი ძალაუფლება „ქართული ოცნების“ ხელშია და მიუხედავად ამისა ტიროდეს, ოპოზიცია ხელს მიშლისო, ეს ყოვლადმიუღებელია - ის, რომ ოპოზიცია ევროკავშირს ეუბნება, რომ არ მისცე საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ეს გამორიცხულია, აბსურდულია, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელს უშლის.

როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და ოპოზიცია სწორედ იმას აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს.

„სამწუხარო ფაქტია, როგორც აჟღერებს და წარმოაჩენს ამ ყველაფერს ხელისუფლება, რადგან პასუხს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე აგებს ხელისუფლება. მით უმეტეს, რომ ეს ხელისუფლება კოალიციურიც კი არაა, ერთპარტიულია და ყველაფერს აკონტროლებს - ბიუჯეტს, მთავრობას, სასამართლოს, პროკურატურას. მთელი ძალაუფლება მის ხელშია და მიუხედავად ამისა ტიროდეს, ოპოზიცია ხელს მიშლისო, ეს არის ყოვლად მიუღებელი.

რასაც ვხედავ ის არის, რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს. მათ [ხელისუფლებამ] სამოქალაქო სექტორსაც გადაჰკრეს, არასამთავრობოები და ლომჯარია ახსენეს უარყოფით ფორმაში. სხვა საკითხია, რომ ევროკავშირი ეკითხება სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას კითხვარზე, ამ საკითხებზე, თქვენ რა აზრი გაქვთ და ბუნებრივია, ოპოზიცია კრიტიკულია, მეც კრიტიკული ვარ. ბუნებრივია, ხელისუფალი უნდა აკრიტიკო, მას შენ ფულს უხდი, ხელისუფალი მეფე არაა და სულიწმიდით არ არის დანიშნული, ჩვენი ნებით დანიშნულია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებმა ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გავლენას მოახდენს, მაგრამ არ იქნება გადამწყვეტი, თუ „დანარჩენ მიმართულებებზე იქნება პროგრესი“.

„პოლიტიკური სარჩული აშკარად აქვს ამ საქმეებს. მე მგონი გავლენას მოახდენს, მაგრამ არა გადამწყვეტს. თუ სხვა მიმართულებით იქნება პროგრესი, თუ სააკაშვილს უმკურნალებენ როგორც წესი და რიგია, პროტოკოლით და არავის არ ექნება განცდა, რომ მას რაღაცას აკლებენ, აშკარად ჩანს, რომ ახლა ეს ადამიანი მართლა ავადაა, თუ გვარამიას მიმართ იქნება მკაფიოდ გამოკვეთილი ხედვები. გულახდილად რომ ვთქვა, რაც მე მესმის ევროპელებისგან, გვარამიაზე ნაკლები ვინმე ლაპარაკობს, არც მე არ ვაჟღერებ გულახდილად რომ ვთქვა და როცა შეხვედრაზე ვარ სადღაც, თითქმის გვარამიას გვარი არ ტრიალებს, როცა სააკაშვილზე მუდმივადაა ლაპარაკი. ეს მომენტები არის, მაგრამ თუ დანარჩენ მიმართულებებზე იქნება პროგრესი, მაგალითად შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნება, კითხვარზე პასუხების გაცემა, თუ მეტ ნაკლებად იქნება მათთვის გასაგები პასუხები, მე მგონია, რომ პროცესი წავა წინ. მაგრამ მე მაინც წლის ბოლომდე არ ველოდები კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუ საერთოდ 2024 წლამდე არა. მგონია, რომ მათ დასჭირდებათ მტკიცებულება ამისა. გულდასაწყვეტი იქნება თუ უკრაინა უფრო მალე მიიღებს, მაგრამ ეს თითქმის არაფერს ნიშნავს, უკრაინას ეკუთვნის რაღაც მხარდაჭერა, მეტი. მთელი ცივილიზაციის ტვირთს იღებენ თავის თავზე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილმა გადაცემაში „აზოვსტალის“ ქარხანაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „აღტაცებულია“ ზელენსკისა და ჯარისკაცების მიერ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით.

მისივე თქმით, გამორიცხულია ჩაბარებული ჯარისკაცების წამება რუსეთის მხრიდან, რადგან გარანტორი წითელი ჯვარია.

„ხელისუფლების ხელშია შემდეგი რამ, მან არ უნდა დაუშვას სიკვდილი, თუ გაქვს არჩევანი სიკვდილი ან ნებისმიერი სხვა რამ, უნდა აირჩიო ნებისმიერი სხვა რამე. მე აღტაცებული ვარ როგორც „აზოვსტალის“ დამცველებით, ისე ზელენსკით, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და შეუთანხმა ბიჭებს. მას რომ შეთანხმების გარეშე ეს გადაწყვეტილება მიეღო, რომ ჩაბარდი, შეიძლება ისინი არ დანებებულიყვნენ. აშკარად იყო მანამდე რაღაც კავშირი და შეთანხმდნენ.

იქ არის გარანტორი ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურანტი, როგორიცაა წითელი ჯვარი. ძალიან დიდი ბიუროკრატიული მანქანა უნდა გაიაროს წითელმა ჯვარმა, უნდა აიღოს მხარეებმა მაღალი დონის ვალდებულებები, რათა წითელი ჯვარი ჩაერთოს. იქ, სადაც წითელი ჯვარია, იქ წამება შეუძლებელია, თუ იქნება, წითელი ჯვარი ამაზე ილაპარაკებს აუცილებლად. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთოს, გაასამართლოს და მიუსაჯოს საკმაოდ მაღალი ვადები პატიმრობისა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა