„განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი ფინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს, რომლის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფინეთის განათლების მინისტრთან ლი ანდერსონთან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის, მათ შორის ფინური გამოცდილების გათვალისწინებით, ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც გულისხმობს სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას.

მინისტრის თქმით, განათლების ფინური მოდელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში და ქართულ განათლების სისტემაში მისი კომპონენტების კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

თავის მხრივ, ფინეთის განათლების მინისტრმა ფინური სისტემის წარმატებაზე ისაუბრა და გამოხატა მზაობა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში მხარი დაუჭიროს საქართველოს განათლების სამინისტროს.

„შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა ფინეთის განათლების მინისტრი საქართველოში მოიწვია.

ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ სხვადასხვა ქვეყნის განათლების 112 მინისტრი იღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ განათლების სფეროში მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

საქართველოს დელეგაციის ლონდონში ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა“,- ნათქვამია ინფრომაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა