მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და გუნდის ლიდერებს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის მოპოვებული ჯილდოებისთვის და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩენისთვის.

„გილოცავთ ამ დამსახურებულ გამარჯვებას. თითოეული თქვენგანის მიღწევა ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და დარწმუნებული ვარ, თქვენი თაობა გამორჩეული შესაძლებლობებითა და უნიკალურობით აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს.

დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და შემართებით კიდევ არაერთხელ ასახელებთ ჩვენს სამშობლოს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და მჯერა, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გელოდებათ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მოსწავლეებმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 20-24 მაისს გამართულ ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს - საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მიიღო და თითოეულმა მოსწავლემ შეძლო მედლის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ 27 ქვეყნის 189 მონაწილე მოსწავლიდან ოქროს მედალი მხოლოდ 12-მა მიიღო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი ქართველ მოსწავლეებს გადაეცათ.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს ნაკრები ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. ოქროს მედლები კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა - ნიკოლოზ მალცევმა და ირაკლი უგულავამ მოიპოვეს. ვერცხლის მედალი ასევე კომაროვის სკოლის მოსწავლემ, ანდრია მანჯავიძემ მიიღო, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, გრიგოლ ცირეკიძე და დურმიშხან ქართველიშვილი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა და ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გენადი მარგველაშვილმა ევროპის ფიზიკოსთა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთან იან კალდასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა ოლიმპიადის საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს. კომიტეტის წევრებმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს და ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების სავარაუდო თარიღად 2025 წელი დაასახელეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო