ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით, გამომცემლობასთან WEIN+MARKT თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი სახელწოდებით Best of გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ მაინცში ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსზე წარდგენილი ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 100 ნიმუშიდან 48 საუკეთესო შეირჩა. შერჩეულ ღვინოებზე სტატია პრესტიჟული გამოცემის Wein+Markt ზაფხულის ნომერში დაიბეჭდება.
„ Wein+Markt წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ გამოცემას ღვინის კომერციული სექტორისთვის, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებსა და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 2021 წელს, საქართველოდან გერმანიაში 900 ათასამდე ღვინის ბოთლის ექსპორტი განხორციელდა (ზრდა 23%)“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.