კახა ოქრიაშვილი - მოვუწოდებ ყველას, დავნერგოთ ელექტრონული არჩევნები საქართველოში -  ეს იქნება დიდი ნახტომი პოლარიზაციის შემცირების და მომავალი არჩეული მთავრობისთვის ლეგიტიმაციის კუთხით

მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, ცესკო-ს, დავნერგოთ ელექტრონული არჩევნები საქართველოში - ეს იქნება დიდი ნახტომი პოლარიზაციის შემცირების და მომავალი არჩეული მთავრობისთვის ლეგიტიმაციის კუთხით , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და აღნიშნა, რომ ემიგრანტების მოკვეთა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან დანაშაულია.

“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ელექტრონული საშუალებით უნდა მიეცეს.

საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, სამშობლოში არსებული უმუშევრობის და სიდუხჭირის გამო იძულებულია, იშრომოს საზღვარგარეთ და ასე შეინახოს ოჯახი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მშპ (ეკონომიკა) დაახლოებით 17 მილიარდი დოლარია. ჩვენმა ემიგრანტებმა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წელს გადმორიცხეს 2,2 მილიარდი ამერიკული დოლარი. დაახლოებით 300 მილიონი დოლარი სამშობლოში ვიზიტის დროს შემოაქვთ - ჯამში, 2,5 მილიარდი დოლარია ემიგრანტების შენატანი საქართველოს ეკონომიკაში, რაც ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 14 %-ს წარმოადგენს.

პრაქტიკულად, ჩვენი ემიგრანტები ინახავენ არამხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. მათი მოკვეთა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან დანაშაულია! ხელისუფლება ვალდებულია შექმნას მოცემულობა, რომლითაც ემიგრანტებს საშუალება ექნებათ ადგილმდებარეობის მიუხედავად, ხმა მისცენ საქართველოს არჩევნებში.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ სულ 50 საარჩევნო უბანი გაიხსნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად 14 170 ადამიანი დარეგისტრირდა, როდესაც მილიონზე გაცილებით მეტი ემიგრანტი გვყავს. ვერცერთი, თუნდაც სამართლიანად ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება მილიონი ემიგრანტის ხმის გარეშე.

მოვუწოდებ ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, ცესკო-ს, დავნერგოთ ელექტრონული არჩევნები საქართველოში და ვთხოვ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, გაგვიწიონ ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მომდევნო, რიგგარეშე თუ მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული წესით და ემიგრანტების სრული ჩართულობით ჩატარდეს.

ეს იქნება დიდი ნახტომი პოლარიზაციის შემცირების და მომავალი არჩეული მთავრობისთვის ლეგიტიმაციის კუთხით”, - აღნიშნა ოქრიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა