საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ის დამფუძნებელმა ურთიერთთანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს საპატიო კონსულს ბავარიაში, მეცენატს, სტუ-ის საპატიო დოქტორს, მსოფლიოში წამყვანი ბავშვთა კვების მწარმოებელი კომპანიის Hipp GmbH-ის დამფუძნებელს, პროფესორ კლაუს ჰიპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რექტორისა და მეცენატის შეხვედრის შემდეგ, დავით გურგენიძემ და კლაუს ჰიპმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განახლებულ მემორანდუმს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ს შორის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლასა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტთან ერთად, ბატონი კლაუს ჰიპი შეარჩევს წარმატებულ სტუდენტებს, რომელთა სწავლას თავად დააფინანსებს. ეს არის გზა, რომელსაც ბატონი ჰიპი, სხვა, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად, აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ინტეგრირებული იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში. დიახ, როგორც დიდმა ქართველმა მიხეილ მუსხელიშვილმა თქვა, ჩვენი ადგილი ევროპაშია და სწორედ, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობა არის ერთ-ერთი საწინდარი ევროატლანტიკურ სივრცეში ადგილის დასამკვიდრებლად. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გერმანიასთან ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო, მეგობრული კავშირი, არაერთ უნივერსიტეტთან გვაქვს გაცვლითი პროგრამები, პროექტები, რაც უფრო მეტად ამაღლებს ჩვენი სტუდენტების ხარისხიან განათლებას“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ისა და HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ს შორის განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი კომპანიას პერიოდულად მიაწვდის დიზაინის საერთაშორისო სკოლისა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სიას, საიდანაც კომპანია ორივე საფეხურის 2-2 სტუდენტს შეარჩევს. სტუდენტები სამი წლის განმავლობაში სტაჟირებას HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ში გაივლიან.

პროფესორმა კლაუს ჰიპმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას თანამშრომლობისათვის.

„მადლიერი და მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება შევხვდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებისთვის ჩავატარო მასტერკლასები. სასიხარულოა, რომ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი და ცდილობენ ფეხი აუწყონ საერთაშორისო მასშტაბების ცვლილებებს. უმნიშვნელოვანესია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაქტორი, რამეთუ ეკონომიკას სჭირდება კარგად განათლებული ადამიანები, უნივერსიტეტში კი ამისთვის ძალიან კარგი ბაზაა“, - განაცხადა კლაუს ჰიპმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის შემდგომ, კლაუს ჰიპი შეხვდა დიზაინის საერთაშორისო სკოლისა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს და მათ კონკურსის პირობები გააცნო. კონკურსში გამარჯვებულ ოთხ სტუდენტს პროფესორი კლაუს ჰიპი სტუ-ის ფაკულტეტების დეკანებთან ერთად გამოავლენს. გამარჯვებულები ერთთვიანი სტაჟირების გასავლელად, სრული დაფინანსებით, გერმანიაში გაემგზავრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო