„ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“ - თსუ-ში საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“ თანამედროვე მსოფლიოში ბიბლიის კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიმპოზიუმში ქართველ მეცნიერებთან ერთად ბიბლიის თემატიკაზე მომუშავე უცხოელი მკვლევრები მონაწილეობენ, რომლებიც განიხილავენ, თუ რა გავლენა მოახდინა ბიბლიის თარგმანმა სხვადასხვა ერის განვითარებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიის მკვლევარ ცნობილ მეცნიერებთან ერთად, სიმპოზიუმში ახალგაზრდა მეცნიერებიც მონაწილეობენ. ამ თემატიკაზე თსუ-ს ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი ძალიან ინტენსიურად და პროდუქტიულად მუშაობს, საკითხს სხვადასხვა მიმართულებით იკვლევს. მრავალი საინტერესო მოხსენებაა წარმოდგენილი, რომელიც სამომავლოდ გამოიცემა და მისი მასალები დაინტერესებული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი უახლესი კვლევები, სტატიები შეეხება ბიბლიის თარგმანის გავლენას სხვადასხვა ერის გრამატიკულ სტრუქტურებზე, ცნებით სისტემაზე და ლექსიკაზე, მხატვრულ სახეებზე, ლიტერატურულ ჟანრებსა და ფორმებზე. აგრეთვე, თუ რა გზის გავლა დასჭირდა სხვადასხვა ერის ხელოვნებას ბიბლიის თხრობის შესაბამისი მხატვრული სახეებისა და გამომსახველობითი ფორმების ჩამოყალიბებისთვის. როგორ აღიქმებოდა და ყალიბდებოდა ბიბლიური თხრობის შესაბამისი მხატვრული ენა სხვადასხვაგვარი მემკვიდრეობის მტვირთველ გარემოში. შესაბამისად, ეს მიმართებები ასწლეულების განმავლობაში როგორ ვითარდებოდა.

„სიმპოზიუმი ბიბლიის ტექსტის კვლევაში ქართული თარგმანების როლს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. კონფერენციის სტუმრები არიან ჩვენი ეპოქის ყველაზე გამოჩენილი და ღვაწლმოსილი წარმომადგენლები. მათ შორისაა ემანუელ ტოვი, რომელიც ბიბლიის ყველა დროის ყველაზე დიდი მკვლევარია. ასევე, გეტინგენის ფსალმუნის გამოცემის ჯგუფი, რომელიც ამჟამად ბერძნულ და კოპტურ ბიბლიას გამოსცემს და ამ ყველაფერში ქართული ბიბლიის ჩართვა დიდი მიღწევა იქნება ქართველოლოგიური კვლევებისთვის“, - აღნიშნა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ანა ხარანაულმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სიმპოზიუმთან დაკავშირებით იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი ემანუელ ტოვი საუბრობს.

„ჩვენ აქ ბიბლიის როგორც ბერძნულ, ასევე ქართულ და სომხურ თარგმანებს განვიხილავთ. მნიშვნელოვანია ამ თარგმანების და მათ შორის კავშირის შესწავლა. ამ უძველესი ტექსტებისა და მათ უკან მდგომი კულტურის შესწავლისას ჩვენ ერთმანეთს გამოცდილებასა და შეხედულებებს ვუზიარებთ“, - აღნიშნა ემანუელ ტოვიმ.

თსუ-ს პროფესორის, ზაზა სხირტლაძის განცხადებით, ბიბლია ამოუწურავი თემაა, რომელიც სხვადასხვა დარგის მეცნიერების ყურადღებას ასწლეულების განმავლობაში იქცევდა.

„თავად თემა - ბიბლია იძლევა იმის საშუალებას, რომ რიგი საკითხები მრავალმხრივ განვიხილოთ: ეს იქნება ფილოლოგია თუ ხელოვნება და, შესაბამისად, ამ კონფერენციაში მონაწილეობენ ორივე დარგის წარმომადგენლები. თსუ-ში ბიბლიის მკვლევართა ორდღიანი შეხვედრა ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ ამის ორგანიზატორია ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი, რომელიც აგრძელებს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა დიდი ნაწილის კვლევებს და ტრადიციებს“, - აღნიშნა ზაზა სხილაძემ.

თსუ-ს ინფორმაციით, ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი თსუ-ში 2018 წელს დაარსდა, რომლის მიზანია ამ სივრცეში არსებული პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული, ენობრივი და სამწერლობო ურთიერთობების კომპლექსურად გაგება, დანახვა და შესწავლა. საქართველო ქრისტიანული აღმოსავლეთის კულტურის განსაკუთრებული ნაწილია: მისი კულტურა ყალიბდება არა მხოლოდ ცენტრთან - ბიზანტიასთან, ბერძნულენოვან სამყაროსთან თანამშომლობაში, არამედ პროვინციათაშორის ურთიერთობაში: სომხურ, სირიულ, არაბულ კულტურებთან მჭიდრო ურთიერთქმედებაში. ამ თვალსაზრისითაც ქართული გამოცდილება უნიკალურია. თსუ ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის მიზანია გახდეს მულტიდიციპლინური და ინტერდისციპლინური ცენტრი კვლევებისა, რათა იკვლიოს, თუ როგორ ხდებოდა გლობალური ქრისტიანული ცივლიზაციის ფარგლებში ლოკალური ტრადიციების განვითარება და ნაციონალური კულტურის ჩამოყალიბება.

სიმპოზიუმის ფარგლებში მხატვარ ლიკა ტოვის ილუსტრაციების გამოფენა გაიმართა „ბიბლიური სახეები ბიბლიის თანამედროვე ილუსტრატორის თვალით“.

სიმპოზიუმი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო