ვარკეთილის ხევის პარკი საზეიმოდ გაიხსნა

სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, განახლებული პარკი დღეს საზეიმო კონცერტით გაიხსნა.

ახლად გახსნილი პარკი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენი დაპირება, რომ ამ სივრცეში ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილს მოვაწყობდით, შესრულებულია. ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ სამგორის რაიონში მსგავსი პროექტის განხორციელება მოვახერხეთ. მეამაყება, რომ სივრცე მოეწყო, სადაც დასვენებისთვის, გართობისთვის, განტვირთვისთვის შესაბამისი ადგილი ყველა თაობის ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ასევე, პატარებისთვის განთავსებულია შესაბამისი ატრაქციონები. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, თუ როგორ წარმოგვიდგენია ხვალინდელი თბილისი - უფრო მწვანე, უფრო კეთილმოწყობილი, განვითარებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ჩვენი სიყვარული და პატივისცემა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას აღნიშნული სივრცის მოფრთხილებისა და დაცვისკენ მოუწოდა.

„მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს რეკრეაციული სივრცეებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის კეთდება. ერთი რამ მინდა გთხოვოთ - ამ სილამაზეს გაფრთხილება სჭირდება. მოვუაროთ, არ დავაზიანოთ, დავიცვათ ვანდალიზმისგან. მოვლა-პატრონობას რაც შეეხება - მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ სკვერი მოწესრიგებული, გალამაზებული, მოვლილი იყოს. წარმატებები, გამარჯვება და წინსვლა ყველაფერში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

„რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი და მწვანე ნარგავები შენარჩუნდა. გარემოში მინიმალური ჩარევით, თანამედროვე რეკრეაციული სივრცე შეიქმნა, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყო. პარკი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე არის გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სრულად ადაპტირებულია.

პარკის ტერიტორიაზე, მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სასმელი წყლის შადრევნები, სკეიტ პარკი, ველობილიკი, გადმოსახედი ბაქანი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები, ატრაქციონები, სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. ასევე, განახლდა არსებული საფეხმავლო ხიდი და მდელოს სახით, საპიკნიკე არეალები გაჩნდა.

პარკის ტერიტორია მწვანე ნარგავებით შეივსო. 1 191 ძირი ხე, 13 930 ძირი ბუჩქი და 14 193 ბალახოვანი მცენარე დაირგო. ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი 21 061 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო.

სამუშაოების ღირებულებამ 5 863 718 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა