საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 104 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები - წარსული, აწმყო, მომავალი“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩევლის, ელდარ ბაირამოვის ხელმძღვანელობით, სტუ-ის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საქართველოს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა და აზერბაიჯანის დელეგაციას რესპუბლიკის დღე მიულოცა. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს საუკუნოვანი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებს. რექტორი, ასევე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას შეეხო, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აზერბაიჯანის სხვადასხვა უნივერსიტეტთან აკავშირებს.

„საქართველოს და აზერბაიჯანს ისეთი გლობალური ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები აერთიანებს, როგორიცაა: ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, TRACECA, ბაქო-თბილისი-ყარსი. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანას საერთო სტრატეგიული ხედვა გვაქვს. პარალელურად, ორმხრივი სტრატეგიული კავშირები კიდევ უფრო ძლიერდება ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა სუამ-ი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა. პოლიტიკური დაახლოება ხდება ეკონომიკური და სამეცნიერო ინტეგრაციის ფონზე და სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი ჩვენს სახელმწიფოებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაში. საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ტექნიკურ უნივერსიტეტში რაოდენობრივად ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი ეროვნების სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა სპეციალობებს. სტუდენტებს შორის მრავლად არიან აზერბაიჯანის მოქალაქეებიც. საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო თანამშრომლობა აზერბაიჯანელ კოლეგებთან გაცილებით მრავალმხრივი გახდება. ამ საკითხში, რა თქმა უნდა, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და პირადად ელჩის, მისი აღმატებულება ფაიგ გულიევის თანადგომას ვეყრდნობით“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველმა, ელდარ ბაირამოვმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 104-ე წლისთავი მიულოცა.

როგორც მან აღნიშნა, არ არის შემთხვევითი, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიულად უმნიშვნელოვანეს დღეს თითქმის ერთდროულად აღნიშნავს.

ელდარ ბაირამოვმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ორმა ქვეყანამ მრავალი წლის განმავლობაში ერთობლივად განახორციელა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, დარბაზში მყოფ ორი ქვეყნის სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებისთვის მადლობას მოვახსენებ. ჩვენს ქვეყნებს ისტორიული წარსული, მეგობრობა, ურთიერთთანამშრომლობა აერთიანებს, როგორც ეკონომიკურ, ასევე, სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროებში. ჩვენი ორი ერი თავისი ქვეყნისა და დამოუკიდებლობისათვის ყოველთვის გვერდი-გვერდ იბრძოდა, რაც მომავალი თაობისათვის მაგალითი უნდა იყოს“, - განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მიმართა.

„სასიამოვნო და სიმბოლურია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავი აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელზეც ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულ კავშირებსა და მეგობრობაზე ხაზგასმით ისაუბრეს. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ღონისძიება გუშინდელის ერთგვარი გაგრძელებაა, რისთვისაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის საზოგადოებას მადლობას ვუხდი. თქვენი დამსახურებით, დღეს აღვნიშნავთ არა მხოლოდ ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის, არამედ მეგობრობისა და თანამშრომლობის დღეს“, - განაცხადა როინ მეტრეველმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა