მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ცენტრალური მნიშვნელობა აქვს

დღეს მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ ღონისძიებაზე საზოგადოებას წარედგინა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში „სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკა საქართველოში მდგრადი აგროსასურსათო სისტემების მასშტაბის გასაზრდელად: შემაჯამებელი ანგარიში და შემდგომი ნაბიჯები“.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, სოფლის მეურნეობა, წყალი და მიწა საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკური პროდუქტიულობის ზრდის წყარო გახდეს დაბალი სასოფლო-სამეურნეო უკუგებიდან მაღალშემოსავლიან კულტურებზე გადასვლით, მიზნობრივი პოლიტიკისა და დამატებითი საჯარო და კერძო ინვესტიციების მხარდაჭერის შემთხვევაში.

მათივე ცნობით, ანგარიშში შეჯამებულია საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი დაბრკოლებები და შესაძლებლობები, ასევე ქვეყნის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის წვლილის ამაღლებისაკენ როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ასევე დივერსიფიკაციაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, სიღარიბის შემცირებაში, სასურსათო უსაფრთხოებაში და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობასა და მისი ზემოქმედების შერბილებაში. აღნიშნული მიზნების წარმატებით მიღწევა მოითხოვს სხვადასხვა დარგობრივი პოლიტიკის ინტეგრირებულ ნაკრებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე განსაზღვრა და პრიორიტეტულად მიიჩნია გადაუდებლობისა და ტექნიკური მზადყოფნის თვალსაზრისით.

„საქართველოში წლების მანძილზე განხორციელებულ ფოკუსირებულ ინტერვენციებსა და ინვესტიციებს უკვე მოაქვთ შედეგი. გასულ ათწლეულში სასურსათო პროდუქციის ფასი მკვეთრად გაიზარდა ექსპორტზე ორიენტირებული ზოგიერთი მეწარმის, აგრობიზნესების მიერ ღირებულებითი ჯაჭვების წარმატებული შექმნითა და მდგრადი ზრდის შესაძლებლობის ჩვენებით“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მისივე თქმით, „სასოფლო-სამეურნეო კონკურენტუნარიანობა გადამწყვეტია საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ის საჭიროებს ინვესტიციას წარმოების გაუმჯობესებაში, გადამუშავებაში, საერთაშორისო საბაზრო სტანდარტებთან შესაბამისობაში და მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებაში.“

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროებში დაბრკოლებების აღმოფხვრა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა დარგის ეფექტიანობის ასამაღლებლად. წყლის რესურსების ხელმისაწვდომობა და ეფექტიანი გამოყენება ფერმერებისთვის საიმედო, დროული და მოქნილი ფორმით, კრიტიკული მნიშვნელობისაა ამ სფეროს განვითარებისთვის, ხოლო მიწის მართვისა და ადმინისტრირების გაუმჯობესება აუცილებელია მიწის მფლობელობის, ასევე რესურსების მდგრადი და პროდუქტიული მართვის უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქართველოს წყლის და მიწის სექტორებში საჭირო იქნება ერთდროული ინტერვენციები დარგში არსებულ დაბრკოლებებზე რეაგირებისთვის, მათი დროული განხორციელების აუცილებლობა კი კიდევ უფრო მძაფრდება კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედებისა და რისკების გათვალისწინებით.

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სექტორში, ამ პროცესში კი დიდ როლს ასრულებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. მათ შორის მნიშვნელოვანი პარტნიორია მსოფლიო ბანკი, რომელთანაც ძალზე ნაყოფიერი, მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. რეგიონში არსებული სიტუაციის პირობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო ჩართულობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

მსოფლიო ბანკის აღნიშნული ანგარიში ემყარება დარგობრივ დოკუმენტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია, როგორც თანმხლები კვლევითი დოკუმენტები: საქართველოში ირიგაციის მდგრადი, ეფექტიანი და გამძლე სისტემების შექმნის გზაზე არსებული დაბრკოლებები რა არის წინსვლის შესაძლო გზა?, პოლიტიკის დოკუმენტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის განვითარების შესახებ საქართველოში და კლიმატისადმი ოპტიმიზებული სოფლის მეურნეობის პროფილი საქართველოსთვის .

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია - ინგლისურ ენაზე: https://bit.ly/3wJxTLY; ქართულ ენაზე: https://bit.ly/3lIHtbW

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა