შს სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ - დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით დაიწყო საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და მსგავსი ფაქტების დროული გამოვლენა.

შესაბამისად, ეფექტიანი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობს და ამონიტორინგებს ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ ყველა შესაძლო შემთხვევას.

კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

ამასთანავე, გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მომხსენებლებად მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სახალხო დამცველის ოფისის გენდერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო რუსეცკი.

გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეორგოლი, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფით მხარეებზე და ხაზს უსვამენ ასეთი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და არაერთ ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, საპოლიციო დანაყოფებისა და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად. აგრეთვე, ჩატარდება ნახატების კონკურსი.

კამპანიის ფარგლებში, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები. დამზადდა კამპანიის სიმბოლოებიანი სანიშნეები, მაისურები, გულსაბნევები, ჩანთები და სხვა ბრენდირებული ნივთები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას გადაეცემა სკოლის ადმინისტრაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა