ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად 0%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის აპრილის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო აქტივების ხარისხი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესდა. წინა წლის მსგავსად, ბანკებმა 2022 წელი სოლიდური მოგებით დაიწყეს, რასაც საკრედიტო აქტივობამ და მცირე საკრედიტო დანაკარგებმა შეუწყო ხელი. გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების მეშვეობით, ბანკების უმეტესობამ კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერები უკვე აღიდგინა.

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაურკვევლობა მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით მაღალია, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა. როგორც დეკემბერში გამოქვეყნებულ სტრეს-ტესტის შედეგებმა აჩვენა, საბანკო სექტორი მდგრადობას მკაცრი და ექსტრემალური რისკ-სცენარების შემთხვევაშიც ინარჩუნებს. მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა და სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება. პირდაპირი სანქციები მხოლოდ ერთ, რუსული ბანკის შვილობილ ბანკს შეეხო და ეს პრობლემა აქტივ-ვალდებულებების ნაწილის სხვა ბანკებზე გაყიდვით მალევე გადაიჭრა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განახორციელებს კონტრციკლურ ღონისძიებებს, როგორც ეს პანდემიის საწყის პერიოდში გააკეთა, და რამაც ხელი შეუწყო ფინანსური სექტორის მდგრადობას. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ეროვნული ბანკის სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2022 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით არის განპირობებული. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეორე კვარტალში სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს მცირედით ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებელი, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ მაღალია. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს, ხოლო სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები არ დაგროვდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს