მარიამ ჯიშკარიანი - „ვივამედში“ მკურნალობა არ მესახება ადეკვატურად - საზღვარგარეთ არსებობს მულტიპროფილური ცენტრები და მიხეილ სააკაშვილი იქ უნდა იყოს გადაყვანილი, რაც შეიძლება სწრაფად

მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზებზე, შესაბამისად, შედეგიც არის ნული, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მაიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს „ვივამედში“ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა უტარდება.

„რაც ახლა მიმდინარეობს და რაც მიმდინარეობდა პენიტენციურ დაწესებულებებში, გახლავთ სიმპტომური მკურნალობა და არსებობს პათოგნომური მკურნალობა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ვუმკურნალოთ დიაგნოზს. სამწუხაროდ, ეს დიაგნოზები არსებობს უკვე იმის გამო, რომ პენიტენციურმა სამსახურმა თავის დროზე არ დასვა სწორად დიაგნოზი და ადამიანს არ უმკურნალა. ჩვენი დიაგნოზი იყო დეკემბერში და დიაგნოზი არ შეცვლილა, თუ არ დაემატა.

ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ მკურნალობა და დიაგნოსტიკა იყო არასწორი. მაგალითად, დეკემბერში გაცემულ რეკომენდაციაზე, ჩატარებულიყო თავის ტვინის MRT კვლევა, ჩატარდა მაისში. ეს ადეკვატურად გესახებათ? ნეირომიოგრაფია, რომელზეც დეკემბერში იყო გაცემული რეკომენდაცია, ჩატარდა მარტში, თქვენ თუ გესახებათ ადეკვატურ კვლევებად არ ვიცი, მაგრამ მედიცინაში ადეკვატურად არ ითვლება“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ მულტიპროფილურ ცენტრში.

„რაც შეეხება ამ კლინიკაში [ვივამედი] მკურნალობას, მე მაგალითად, არ მესახება ადეკვატურად, ვინაიდან, ამ კლინიკაში პატიმარი იმყოფება დღეების განმავლობაში და მკურნალობა კვლავ სიმპტომურია. ფაქტია ერთი და რეალობაა, რომ შედეგი არ არის.

ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და ვნახოთ, როგორ შევჯერდებით ექსპერტები. არსებობს საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები და ვფიქრობ, იქ უნდა იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი, რაც შეიძლება სწრაფად, რომ მოხდეს სწორი მკურნალობა. ეს ეხება კვებით-აღდგენით თერაპიას, რაც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა საქართველოში და იმედი იმისა, რომ ამიერიდან განხორციელდება, არის ძალიან მცირე და ასევე ეხება ნევროლოგიას, რომელიც სამწუხაროდ, პროგრესირებს“, - განახადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს