საქართველოს პროკურატურა საოფისე ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება საოფისე ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოფისების აღჭურვისთვის არ განიხილება არავითარი ძვირადღირებული ავეჯი, გათვალისწინებულია მინიმალური სტანდარტები და ღია გამოცხადებულ ტენდერში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მონაწილეობის მიღება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ მორიგ დამახინჯებულ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობას.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულია ღია, ელექტრონული ტენდერი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა დასახელების საოფისე ავეჯის შესყიდვის განხორციელება იგეგმება. საოფისე ავეჯის შესყიდვის საჭიროება საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის, საჩხერის, სენაკის და ფოთის რაიონული პროკურატურების შენობებში მიმდინარე და დაგეგმილი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად სამუშაო გარემოს შექმნის და მათ შორის, 2005-2006 წლებში შეძენილი მწყობრიდან გამოსული ძველი, დაზიანებული ავეჯის ჩანაცვლების აუცილებლობამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების პროცესში საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრაციულ შენობებში, გაეროს ბავშვთა დონორი ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის მიხედვით, ეტაპობრივად ხორციელდება არასრულწლოვანთა ოთახების მოწყობა. ბავშვზე მორგებული სივრცეები არსებული რეკომენდაციებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა მოეწყოს და აღიჭურვოს სხვადასხვა სახის საშუალებებით, მათ შორის - ინვენტარით, მოწყობილობებით და ავეჯით, რაც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ასევე, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ეწყობა ახალი სამუშაო და მოქალაქეებთან შეხვედრების სივრცეები, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯით აღჭურვას. მათ შორის დაგეგმილია უწყების 101 თანამშრომლისთვის განკუთვნილი ძველი, მწყობრიდან გამოსული ავეჯის ჩანაცვლება სამუშაო სივრცისთვის განსაზღვრული საოფისე ავეჯით.

რაც შეეხება შესყიდვის ღირებულებას, განისაზღვრა ბაზრის კვლევის შედეგად. ამასთან, ოფისების აღჭურვისთვის არ განიხილება არავითარი ძვირადღირებული ავეჯი, გათვალისწინებულია მინიმალური სტანდარტები და ღია გამოცხადებულ ტენდერში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მონაწილეობის მიღება.

მოვუწოდებთ აღნიშნულ მედიასაშუალებას, თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებას ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა