ოთარ შამუგია ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე, თელავის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 მლნ ლარზე მეტია, 12,4 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების აღდგენას ითვალისწინებს. შედეგად, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც დამატებით 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.

„ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის განხორციელებისთვის დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებით, ასევე, დონორების მხარდაჭერით. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაახლოებით, 200 მლნ ლარის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებს ეტაპობრივად ვიწყებთ, რაც ჩვენი ფერმერების სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგვა. ფერმერების მხარდასაჭერად, პროგრამების „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ვაფინანსებთ წვეთოვანი მორწყვის სისტემებს; მხოლოდ „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 17 ათასი ჰექტარზე ახალი ინტენსიური ბაღებია გაშენებული, რომელიც თანამედროვე სარწყავი სისტემებით სრულად აღჭურვილია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების ფონზე შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ კუთხით, მსოფლიო ბანკის დახმარებით კვლევა ხორციელდება, რომლის შედეგები აჩვენებს, თუ სად შეიძლება, სად არის ოპტიმალური წყალსაცავების მოწყობა და არსებულების რეაბილიტაცია.

„სამუშაოების ფარგლებში, გამანაწილებელი არხი და მისი განშტოებები ხე-ბუჩქნარისაგან გაიწმინდება, არსებული მილები ახლით შეიცვლება, ჰიდრანტები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები მოეწყობა. საირიგაციო არხით სოფელ რუისპირის მოსახლეობა ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012 წლიდან დღემდე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 90 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 53,6 მლნ ლარია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში, დამატებით, 16 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად ირწყვება, წყლის მიწოდება 13 300 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებულია 8 000 ჰექტარზე მეტი სავარგული,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა