ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის და ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის შუაში დაუბრუნდება. ამის შესახებ მესტვირიშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში წარმოადგინა.

როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, ეს მაჩვენებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია.

„ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორად არის ფოკუსირებული ინფლაციის მიზნობრივთან დაახლოებისკენ. ჩვენ გვაქვს ყოველგვარი მოლოდინი, რომ საგარეო ფაქტორების მილევის შემდგომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება მომავალი წლის შუაში. ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისთვის არსებულ სიტუაციას. თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ამასთან, არჩილ მესტვირიშვილმა მონეტარული პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ახლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისტორიულად ყველაზე მაღალია“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიხარია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამას ვაკეთებთ. იცით, რომ ახლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისტორიულად ყველაზე მაღალია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ როცა არ არის ამის აუცილებლობა, თავი გავიმართლოთ და მონეტარული პოლიტიკა ზედმეტად გავამკაცროთ, ზედმეტად გავზარდოთ საპროცენტო განაკვეთები და ხელი შევუშალოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას. მონეტარული პოლიტიკის ზედმეტი გამკაცრება, თუ ამას მოჰყვება ეკონომიკის ზედმეტი შეზღუდვა, შემდგომ ეტაპზე მაღალ ინფლაციას მოგვცემს. თუ ქვეყნის შემოსავლები მცირდება, შესაბამისად, მოგვიწევს მეტი იმპორტის მოხმარება მომავალში. ეს კი აისახება კურსზე და ინფლაციაზე. ეს საშუალოვადიანი გადმოსახედიდან სწორი გადაწყვეტილება არ იქნება“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება